ENGLISH
 

05.04.2018   ბეჭდვა
საქართველო ეროვნული ბანკისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელთა შეხვედრა საკასო ცენტრში

განხორცილებული საკანონმდებლო ცვლილებების მიმდინარეობას გაეცნო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დღეს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც  ეროვნული ბანკის პრეზენდეტი კობა გვენეტაძე უძღვებოდა.

ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად  განისაზღვრა ეროვნული ბანკის უფლებამოსილება საბანკო ჯგუფების საქმიანობის ზედამხედველობის კუთხით, რომლის უმთავრეს მიზანს საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი ბანკების ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა წარმოადგენს. ვინაიდან კომერციული ბანკის სხვა ფინანსური ჯგუფის წევრობის შემთხვევაში ტრადიციულ საბანკო რისკებთან ერთად არსებობს ჯგუფიდან მომდინარე რისკებიც, აუცილებლია აღნიშნულ რისკებზე საპასუხოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნდეს სათანადო საზედამხედველო ინსტრუმენტები. შესაბამისად, ბანკის ინდივიდუალურ ზედამხედველობასთან ერთად, საბანკო ჯგუფი უკვე ექვემდებარება კონსოლიდირებულ ზედამხედველობას.


ეროვნული ბანკის მენეჯმენტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორმხრივი კომუნიკაციის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

"ეფექტური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომელიც განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხება. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებას ითვალისწინებს. კერძოდ, ეროვნულ ბანკს მიენიჭა გაზრდილი უფლებამოსილებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირების კუთხით, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ აღნიშნულ ორგანიზაციებზე ზედამხედველობის ეფექტურობა ინვესტორთან ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით. შემოღებულ იქნა ახალი რეგულაციები იმ კომპანიებისათვის, რომლებიც ახორციელებენ თანხის მოზიდვას ფიზიკური პირებისგან ასევე გაჩნდა სესხის გამცემი ორგანიზაციების ცნება და მომხმარებელთა დაცვის მიზნებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა მათი რეგულირების უფლებამოსილება. გარდა ამისა, დაიხვეწა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირების მექანიზმები, რაც, მათ შორის, გულისხმობს მომხმარებლისთვის ტრანზაქციის გაუქმების უფლების მინიჭებას. უახლოეს მომავალში ბანკებისათვის ამოქმედდება ეთიკის კოდექსი, რომელიც დაარეგულირებს ბანკების მიერ მომხმარებლებთან და ინვესტორებთან ქცევის სტანდარტებს. აღნიშნული სტანდარტებით, გამჭვირვალე გახდება ინფორმაცია ბანკის ან თანამშრომლის მიერ მისაღებ იმ სარგებელზე, რომელსაც კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული მომსახურების ან შეთავაზების გაწევა მოიცავს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


"ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, პარლამენტი კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სახით მასზე ზედამხედველობას ახორციელებს. დღეს მიღებულმა ინფორმაციამ დამარწმუნა, რომ ეროვნული ბანკმა საკმაოდ დიდი მუშაობა გასწია ამ მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი დაათვალიერებინა.
<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service