ENGLISH
 

27.03.2018   ბეჭდვა
"გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში წელს მეხუთედ აღინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს", კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სკოლებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით, "გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში წელს მეხუთედ აღინიშნა. გლობალური ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის თვეში იმართება და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცოდნის ამაღლებას. წლევანდელი კვირეულის გზავნილია: "ფულთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია".

კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით II-VII კლასის მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე ხატვის ღია კონკურსი ჩაატარა, სახელწოდებით "ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი". კონკურსის 20 გამარჯვებული ნახატის ავტორს ეროვნულმა ბანკმა 25 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში, შემეცნებით ექსკურსიაზე უმასპინძლა. ექსკურსიის ფარგლებში გამარჯვებულმა ბავშვებმა ისაუბრეს იმ ჩანაფიქრის შესახებ, რომელიც მათი ნახატების უკან დგას, მოისმინეს ლექცია ქართული ფულის ისტორიის შესახებ და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს ფულის მნიშვნელობისა და დაზოგვის შესახებ. გამარჯვებულებმა ეროვნული ბანკისგან სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.

21 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულის მიმოქცევისა და ფულის ნიშნების დამზადებისა და ფინანსური განათლების განყოფილებების წარმომადგენლები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს ეწვივნენ, სადაც მათ 11-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის თანამედროვე ფულის ისტორიის შესახებ ინტერაქტიული ლექცია ჩაატარეს. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან  ერთად იმსჯელეს თანამედროვე ქართული ფულის ისტორიისა და მნიშვნელობის, ლარის პირველი ემისიიდან დღემდე გავლილი ტრანსფორმაციის, ფულის ნიშნების ბეჭდვისა და მიმოქცევიდან ამოღების, საკოლექციო მონეტებისა და ბანკნოტების, ასევე, ახალგაზრდების ცხოვრებაში ფულის მნიშვნელობის შესახებ.

გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, 18 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში "ინოვაციების ბანაკს" უმასპინძლა. იდეების გენერირების ინტენსიური ერთდღიანი ღონისძიების ფარგლებში 9-დან 12 წლამდე 35-მა მოსწავლემ გუნდურად იმუშავა ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვაზე - ოჯახის შემოსავლების მართვაზე, ხარჯების გადანაწილებასა და დანაზოგების გაკეთებაზე. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად ემსჯელათ ფულის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა ოპტიმალურად დაეგეგმათ ერთი ქართული ოჯახის ბიუჯეტი. გამარჯვებულ გუნდს ორგანიზატორებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი "გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში კომერციულმა ბანკებმა - თიბისი ბანკმა, კრედო ბანკმა, ლიბერთი ბანკმა, საქართველოს ბანკმა და ფინკა ბანკმა, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალმა ახალგაზრდა თაობისთვის და ფინანსური საკითხებით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის არაერთი საინტერესო შემეცნებითი აქტივობა განახორციელა, მათ შორის ინტერაქტიული შეხვედრები, ლექციები და სხვა.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service