ENGLISH
 

01.03.2018   ბეჭდვა
კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ბანკი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად აგრძელებს ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს განვითარებას. აღნიშნულის ფარგლებში, 2018 წლიდან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მუშაობის ახალ ფორმატზე გადადის. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი შეიკრიბება კვარტალში ერთხელ, წინასწარ დადგენილი კალენდრის შესაბამისად, და ყოველი სხდომის შემდეგ გამოქვეყნდება პრესრელიზი, რომელშიც აღწერილი იქნება მიმდინარე პერიოდში ფინანსურ სისტემაში არსებული ძირითადი ტენდენციები, გამოწვევები და კომიტეტის გადაწყვეტილებები. ამასთან, წელიწადში ორჯერ, კომიტეტის სხდომის შემდგომ, გაიმართება პრესკონფერენცია.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი რეგულარულად აფასებს და აანალიზებს საგარეო რისკებს, ადგილობრივ მაკრო-ფინანსურ გარემოს, შინამეურნეობებისა და კომპანიების რისკებს, საბანკო და არასაბანკო სექტორების სისტემურ რისკებს. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე კომიტეტი შეიმუშავებს საპასუხო ღონისძიებებს.

განახლებული ფორმატით ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის პირველი სხდომა 2018 წლის 1 მარტს გაიმართა. კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება კონტრციკლური ბუფერის უცვლელად, 0%-ზე, დატოვების შესახებ.

როგორც კობა გვენეტაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კომიტეტის შეფასებით, მიმდინარე პერიოდში საერთო დაკრედიტების ზრდა შესაბამისობაშია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან და კურსის ეფექტის გამორიცხვით სესხების წლიური ზრდა 17%-ის ფარგლებშია. გლობალურად და რეგიონში ვითარების გაუმჯობესების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკიდან გამოსვლას განაგრძობს. კომიტეტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკრედიტო ზრდა იყოს ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი და  სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ არ დაგროვდეს ფინანსური სტაბილურობის ჭარბი რისკები.

"შინამეურნეობების საკრედიტო დავალიანება სწრაფი ტემპით განაგრძობს ზრდას, რაც საყურადღებოა მოსახლეობის ჭარბვალიანობის კუთხით. შინამეურნეობებისთვის უნდა არსებობდეს ხელმისაწვდომი საკრედიტო რესურსი, თუმცა მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დამკვიდრება. აღნიშნულის განსახორციელებლად კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ევრო-დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშაოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ ასევე, ისაუბრა სებ-ის მიერ წარსულში გატარებულ ღონისძიებებზე, როგორებიცაა ბაზელ III სტანდარტების შესაბამისად კაპიტალის ადეკვატურობის სტანდარტების შემოღება და მომხარებელთა უფლებების დაცვის მიზნით მიღებულ ზომებზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის.

პრესკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service