ENGLISH
 

29.12.2017   ბეჭდვა
მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ერთი კომერციული ბანკი დააჯარიმა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის გამო, ასევე, მომხმარებლთა პრეტენზიებზე დაგვიანებული რეაგირებისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ერთი კომერციული ბანკი დააჯარიმა.

2017 წლის 14 იანვარს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებებით, განისაზღვრა სესხებზე დასარიცხი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციის ოდენობა. ამასთან, ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი ითვალისწინებს მთელ რიგ მოთხოვნებს, მათ შორის მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ ანგარიშგების სებ-ში ყოველთვიურად წარდგენის ვალდებულებას. კანონისა და სებ-ის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა აღსრულების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შემოწმება დაიწყო. ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმებისას გამოვლინდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დარღვევის ფაქტები, რაც ხელშეკრულებაში კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის (რაც ეფექტურ 100%-ს შეადგენს) და საჯარიმო სანქციების (წლიური 150%) განსაზღვრას გულისხმობს. ამასთან, ორმა მისო-მ დროულად არ წარმოადგინა მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ ანგარიშგება. გარდა ამისა, ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა დროულად არ მოახდინა მომხმარებლის პრეტენზიაზე რეაგირება, რითაც დაარღვია "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის" მოთხოვნები.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ინსპექტირებასა და მონიტორინგს და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებლის უფლებების დასაცავად და მათი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ხოლო იმ მომხმარებლებმა, რომელთა მომსახურე კომპანიები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, თავიანთი უფლებების დასაცავად უნდა მიმართონ სასამართლოს. ამასთან, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - https://www.nbg.gov.ge/cp/index.php?m=551

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებლებს, სესხის აღების დროს გამოიჩინონ ყურადღება და დეტალურად გაეცნონ ხელშეკრულებას. თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწერეთ - cp@nbg.gov.ge

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service