ENGLISH
 

22.12.2017   ბეჭდვა
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით, ერთხმად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  წარადგინა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად, და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

კობა გვენეტაძემ  გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა  ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი  საშუალოვადიან ინდიკატორს წარმოადგენს. ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას იმგვარად წარმართავს, რომ ინფლაცია ეტაპობრივად მიუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს.

"ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მექანიზმია ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გულისხმობს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის გამოცხადებას და საშუალოვადიან პერიოდში ამ მაჩვენებლის მისაღწევად შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრას. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ინფლაციის თარგეთირება არ გულისხმობს,  რომ ინფლაცია მუდმივად მიზნობრივი მაჩვენებელის ტოლი უნდა იყოს - ინფლაცია ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე მაღალი, ზოგჯერ კი - მიზნობრივზე დაბალი, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ის იმოძრავებს მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედება ეკონომიკაზე დროითი ლაგით, ანუ გარკვეული დაყოვნებით აისახება, რაც, განვითარებულ ქვეყნებში არის 2-3 წელი, ხოლო საქართველოს მსგავს ქვეყნებში, 1-1.5 წელი.

"ინფლაციის მაჩვენებლის უფრო სწრაფად შემცირებაც არის შესაძლებელი, თუმცა ეს გამოიწვევდა ეკონომიკური ზრდის მკვეთრად კლებას და უმუშევრობის ზრდას. ინფლაციის თარგეთირების პირობებში  ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და სტაბილურია.  შესაბამისად, მიღწეულია ეროვნული ბანკის მანდატით განსაზღვრული ამოცანა: ფასების სტაბილურობა და ამავე დროს ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ძირითადი მიმართულებების წარდგენისას აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ინფლაციის ოპტიმალური საშუალოვადიანი მაჩვენებელი 3%-ია. მნიშვნელოვანია ეს მაჩვენებელი მიღწეული იყოს ეტაპობრივად, საშუალოვადიან პერიოდში, რათა ერთდროულად შევინარჩუნოთ სტაბილური ფასებიც და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის გრძელვადიან და მდგრად ზრდას. სწორედ ამისათვისაა საჭირო ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი - მონეტარული პოლიტიკის ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მეთოდი.

კობა გვენეტაძის განმარტებით, როდესაც ვამბობთ ინფლაციის თარგეთი არის 3 პროცენტი "ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში".

პრეზიდენტის განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ "ინფლაციის თარგეთირებისას, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი წარმოადგენს საშუალოვადიან ინდიკატორს. შესაბამისად, საქართველოსთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი საშუალოვადიან პერიოდში; დაწყებული 2018 წლიდან. როდესაც ვამბობთ ინფლაციის თარგეთი არის 3 პროცენტი, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში.  საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან; ის ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე უფრო მაღალი, ზოგჯერ კი – მიზნობრივზე უფრო დაბალი. თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის იმოძრავებს სამიზნე მაჩვენებლის მიმართულებით და, ამდენად, საშუალოვადიან პერიოდში იქნება მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს".

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ინფლაციის არსებულ დინამიკასა და პროგნოზებზე. მან აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში მოსალოდნელი იყო ინფლაცია ყოფილიყო უფრო მაღალი ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი, მაგრამ ეს გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით და ამიტომ, საშუალოვადიანი პერიოდზე გათვლით, ამ ფაქტორის გამო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არასწორი ნაბიჯი იქნებოდა.

"წლიურმა ინფლაციამ ნოემბერში 6.9 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წელს ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ დონეზე მაღლა ნარჩუნდება, თუმცა, ინფლაციის აღნიშნული დონე ეროვნული ბანკის მიერ უკვე პროგნოზირებულ რიცხვებს შეესაბამება და მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ ინფლაციას ეგზოგენური ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დროებითი ზრდის მიზეზებია -  აქციზის გადასახადების მატება და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა. აღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე 2017 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. არსებული პროგნოზით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან, მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი რეაგირების შედეგად, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს წლის მეორე ნახევარში მიაღწევს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ისაუბრა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე, ფასების არსებულ დინამიკასა და მასზე მოქმედ ფაქტორებზე.

"მონეტარული პოლიტიკის 25 ოქტომბრის სხდომის შემდეგ საგრძნობლად გაუფასურდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რამაც, წინა პროგნოზთან შედარებით, გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე (მსგავსი სცენარი განხილული იყო მონეტარული პოლიტიკის 2017 წლის ნოემბრის ანგარიშში). ამასთანავე, ბოლო ორი თვის ბაზრის კვლევის ინდიკატორები ინფლაციური მოლოდინების ზრდაზე მიუთითებს, ხოლო ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესება ასუსტებს მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის შემცირების შესაძლებლობას. ზემოთქმულიდან გამომ¬დინარე, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შემცირების მიზნით, გამოიკვეთა მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება. ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა 13 დეკემბრის სხდომაზე. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების ზომა და ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა",  - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ "ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გარდა, ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს ნავთობის საერთაშორისო ფასებიც. ინფორმაციისთვის, 2017 წლის მეორე ნახევარში ნავთობის საერთაშორისო ფასები დაახლოებით 40%-ით პროცენტით გაიზარდა. ეს არის ის ერთ-ერთი ეგზოგენური ფაქტორი, რომელიც ინფლაციის მაჩვენებელს ავტომატურად გადმოეცემა. საქართველოში, ისევე როგორც ყველა ღია ეკონომიკაში, გარდაუვალია ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი) შოკები, რის გამოც ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი შესაძლებელია შოკების მილევამდე განსხვავდებოდეს მიზნობრივისაგან".

კობა გვენეტაძემ, თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სავალუტო პოლიტიკაზე.  მისი თქმით,  საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს მცურავი კურსის რეჟიმი, რომელიც ოპტიმალურია მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნისათვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის.
 
"საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც არ არის მნიშვნელოვნად ინტეგრირებული სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე რომელიმე ეკონომიკასთან და კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობა აუცილებელია კონკურენტ¬უნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის. მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმი ოპტიმალურია ჩვენი ეკონომიკისათვის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. იგი ხასიათდება მოკლევადიანი მერყეობებით და ასრულებს შოკების მშთანთქავ ფუნქციას".

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს გაცვლით კურსს განსაზღრავს საბაზრო მექანიზმები. "ეს გულისხმობს, რომ გაცვლითი კურსის მოკლევადიანი დინამიკა დამოკიდებულია სავალუტო ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე და შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ხასიათდება მერყეობებით. მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო, იგი თამაშობს შოკების მშთანთქავ ფუნქციასაც, რაც ხელს უწყობს  სტაბილურობას გრძელვადიან პერიოდში. 2008-2009 წლის კრიზისმაც აჩვენა, რომ მოქნილი გაცვლითი კურსის მქონე ქვეყნების ეკონომიკებმა უფრო ნაკლები სიმწვავით განიცადეს რეცესია და ამ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, გაჯანსაღების პროცესიც უფრო სწრაფად წარიმართა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service