ENGLISH
 

07.12.2017   ბეჭდვა
ცვლილებები და დამატებები ზოგიერთ სტატისტიკურ მონაცემებში

საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც გამჭვირვალობის პრინციპის ერთგული რჩება და მუდმივად აწვდის ინფორმაციას დაინტერესებულ საზოგადოებას სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ ამა თუ იმ ეტაპზე სტატისტიკის მომხმარებელთათვის განსაკუთრებით აქტუალური ხდება ესა თუ ის ინფორმაცია, ეროვნული ბანკი მზადაა გააფართოვოს გამოქვეყნებული მონაცემების წრე, მათი დეტალიზაციის გზით. დღეიდან, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ოფიციალურ ვებგვერდზე იხილოს უფრო დეტალური მონაცემები კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ (ცხრილი M3.4). 

უფრო კონკრეტულად, კომერციული ბანკების "სხვა არასაპროცენტო შემოსავლებიდან" და "სხვა არასაპროცენტო ხარჯებიდან" ცალკე გამოიყო მუხლი "სავალუტო სახსრების გადაფასებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი", რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს უფრო ზუსტი ინფორმაცია მიიღოს კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგების (ჯამურად ბალანსის მუხლების გადაფასებით გამოწვეული წმინდა შემოსავლის/ხარჯის) შესახებ. ასევე, მუხლიდან "საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურებიდან" ცალკე გამოიყო "სესხებსა და სხვა აქტივებზე დარიცხული შემოსავლები ჯარიმებიდან/საურავებიდან". გარდა აღნიშნულისა, ამიერიდან ზემოაღნიშნული ცხრილის მონაცემები გამოქვეყნდება საანგარიშო თვეების მიხედვით და არა ნაზარდი ჯამით, როგორც აქამდე ქვეყნდებოდა. 

ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლისათვის საინტერესო სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას.

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service