ENGLISH
 

04.12.2017   ბეჭდვა
ინფლაციის საშუალოვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტი იქნება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილა

2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად, და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე და დეტალურად განმარტა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობები. 

"ეროვნული ბანკი იყენებს მონეტარული პოლიტიკის კონკრეტულ რეჟიმს - ინფლაციის თარგეთირებას. აღნიშნული რეჟიმი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მექანიზმია ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გულისხმობს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის გამოცხადებას და საშუალოვადიან პერიოდში ამ მაჩვენებლის მისაღწევად შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრას.

აღნიშნული რეჟიმი უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ყოფნას და, ამავე დროს,  საშუალებას აძლევს ინფლაციას ეგზოგენურ შოკებზე საპასუხოდ დროებით გადაიხაროს მიზნობრივი მაჩვენებლისაგან. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის შემთხვევაში, ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე მაღალი და სტაბილურია.

აქვე აღვნიშნავ, რომ ინფლაციის თარგეთირებისას, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის საშუალოვადიანი ინდიკატორი. შესაბამისად საქართველოსთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი საშუალოვადიან პერიოდში. საფინანსო ბაზრებზე შოკების მუდმივად არსებობის გამო ინფლაცია თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან: ის ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე უფრო მაღალი, ზოგჯერ კი - მიზნობრივზე უფრო დაბალი. თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის იმოძრავებს სამიზნე მაჩვენებლის მიმართულებით და, საშუალოვადიან პერიოდში იქნება მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება სავალუტო რეჟიმს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ზრდისათვის აუცილებელია მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. საგარეო შოკის შემთხვევაში გაცვლითი კურსის ცვლილება ასუსტებს აღნიშნული შოკის უარყოფით გავლენას რეალურ ეკონომიკაზე - ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ წარდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებით, ხელი შეეწყობა ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას, რაც შესაბამისად გააუმჯობესებს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

 

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service