ENGLISH
 

27.06.2005   ბეჭდვა
საბანკო სისტემაში დეპოზიტების მოცულობის ზრდა მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებამ განაპირობა

2005 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, კომერციული ბანკების სადეპოზიტო ვალდებულებებმა 63,2 მლნ ლარით (7,1%) მოიმატა და 959,2 მლნ ლარს გაუტოლდა. ამასთან, ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში მოზიდული ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 5,9 მლნ ლარით გაიზარდა და 33,3 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის შეფასებით, ეროვნული ვალუტის როლი საანგარიშსწორებო ფუნქციის შესრულებასთან ერთად დანაზოგების შენახვის თვალსაზრისითაც იზრდება და მიმზიდველი ხდება, ვინაიდან მას უცხოური ვალუტების მიმართ მყარი საკურსო ტენდენცია გააჩნია. დავით ამაღლობელი აღნიშნავს, რომ მოქალაქეებისთვის უმჯობესია დანაზოგის ვადიან სალარე დეპოზიტებში განთავსება, რადგან საკონტრაქტო ვადის გასვლის შემდეგ დეპონირებულ თანხაზე მეტი ეროვნული ვალუტის მიღების შესაძლებლობა უჩნდებათ.   2005 წლის აპრილთან შედარებით, მაისში საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებებმა 13,3 მლნ ლარით მოიმატა, მათ შორის, ეროვნულ ვალუტაში – 2,6 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულმა დეპოზიტებმა – 4,3 მლნ აშშ დოლარით.  აღნიშნული ტენდენცია ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში ვადიანი დეპოზიტების ზრდის ხარჯზე  ჩამოყალიბდა. 2004 წლის მაისთან შედარებით, დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში 1,8-ჯერ, მათ შორის ვადიანი დეპოზიტები 2,7-ჯერ არის მომატებული, რაც დავით ამაღლობელის შეფასებით, ლარისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე მეტყველებს.   2005 წლის დასაწყისიდან უცხოურ ვალუტაში დენომინირებულმა დეპოზიტებმა 40,5 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და 405,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათგან 67%-ს ფიზიკური პირების სახსრები წარმოადგენს. მიმდინარე წლის ხუთ თვეში უცხოურ ვალუტაში განთავსებული ვადიანი დეპოზიტები 36,4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.   კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ვალუტით მიღებულ დეპოზიტებზე სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი 8%-ის, ხოლო უცხოურ ვალუტაში 7%-ის ფარგლებშია.   დავით ამაღლობელის განცხადებით, კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების ვადიან დეპოზიტებზე განთავსებული დანაზოგების ზრდა მთლიანად საბანკო სისტემის მიმართ ნდობის ფაქტორის ამაღლების შედეგია.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service