ENGLISH
 

30.12.2016   ბეჭდვა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2016 წელი, მესამე კვარტალი)

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

2016 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 316.7 მლნ აშშ დოლარი (735.6 მლნ ლარი, მესამე კვარტალის მშპ-ს 8.4 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2016 წლის მესამე კვარტალში წლიურად 56.6 პროცენტით გაიზარდა (ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრანტით მიღებული მედიკამენტების იმპორტის გარეშე 7.0 პროცენტით შემცირდა) და 1.8 მლრდ აშშ დოლარი (4.3 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 1.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 33.2 პროცენტით გაიზარდა (ცე ჰეპატიტის მედიკამენტების გარეშე საქონლის იმპორტი წლიურად 4.7 პროცენტით  შემცირდა).

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2016 წლის მესამე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 7.8 პროცენტით,  ხოლო იმპორტი 8.2 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 10.1 პროცენტით გაიზარდა და 817.0 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 2.6-ჯერ გაიზარდა  და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (2.8 მლრდ ლარი) შეადგინა. ზრდა, უმთავრესად,  განპირობებული იყო სამთავრობო სექტორის მიმდინარე ტრანსფერების 4.1-ჯერადი მატებით,  საიდანაც 911.6 მლნ აშშ დოლარი ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებაა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მესამე  კვარტალში 421.0 მლნ აშშ დოლარი (977.6 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც კვარტალური მშპ-ს 11.2 პროცენტია. მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, მშენებლობის და მრეწველობის სექტორებში განხორციელდა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtori


                                              

1უცხოური  პირდაპირი ინვესტიციები მცირედ განსხვავდება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან. აღნიშნული მონაცემები, როგორც წესი, იზრდება წლიური გამოკვლევის შემდეგ, რადგან ხდება კვარტალური მოგება-ზარალის დაზუსტება.  საგადასახდელო ბალანსში მოცემული მონაცემები წინასწარ შესწორებულია აღნიშნული ეფექტის გათვალისწინებით, რაც ასევე თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის ROSC-ის მისიის რეკომენდაციასთან. წლიური გამოკვლევის შემდეგ, როდესაც დაზუსტდება უცხოური  პირდაპირი ინვესტიციების მონაცემები, საგადასახდელო ბალანსის მონაცემები კვლავ შესაბამისობაში მოვა საქსტატის მონაცემებთან.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service