ENGLISH
 

28.06.2005   ბეჭდვა
თბილისში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებისთვის რეგიონული სემინარი მიმდინარეობს

თბილისში ინგლისის ბანკის ინიციატივითა და ტექნიკური უზრუნველყოფით და საქართველოს ეროვნული ბანკის პარტნიორობით მიმდინარეობს საერთაშორისო რეგიონული სემინარი თემაზე: „კაპიტალის შემოდინება გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში“.   სემინარზე, რომლის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები, მოხსენებებს გააკეთებენ ინგლისის ბანკის საბანკო სწავლების ცენტრის ექსპერტები საიმონ გრეი და იბრაჰიმ სტივენსი.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განცხადებით, უკანასკნელი წლების მანძილზე ხსენებულ სახელმწიფოებში დიდი მოცულობის უცხოური კაპიტალის შედინება ხდება. ამის გათვალისწინებით, ინფლაციური რისკების დასარეგულირებლად  და ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებების სამართავად ცენტრალური ბანკები ყოველმხრივ მომზადებულნი უნდა იყვნენ. ამ ქვეყნებში როგორც პირდაპირი, ისე პორტფელური უცხოური ინვესტიციების მოცულობისა და ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების საშუალებით შედინებული თანხების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, საქართველოში, ყირგიზეთსა და სომხეთში დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები ირიცხება, ხოლო რუსეთსა და აზერბაიჯანში უცხოური კაპიტალის შედინება ნავთობის რეალიზაციის გზით ხდება.   სემინარის მონაწილენი დისკუსიას გამართავენ მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ჰარმონიზაციის აუცილებლობის შესახებ და ქვეყანაში უცხოური კაპიტალის ნაკადების შედინების პროცესში ვალუტის სტაბილური გაცვლითი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობის თაობაზე. მოხდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება, როგორებიცაა შესაძლო სავალუტო კრიზისების აღმოფხვრა, ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობის ხარისხი, საფინანსო ბაზრების განვითარება, ფულადი გზავნილების მასშტაბების ზრდა და კომერციული ბანკების ლიკვიდურობა.   საერთაშორისო სემინარი, რომელიც ტარდება ინგლისის ბანკის ინიციატივითა და ტექნიკური უზრუნველყოფით, 27 ივნისს დაიწყო და 30 ივნისამდე გასტანს. ასეთი ტიპის სემინარები სხვადასხვა სახელმწიფოებში პერიოდულად ტარდება და მიზნად ისახავს სემინარში მონაწილე ცენტრალური ბანკების მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხილვასა და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებას. სემინარზე ინგლისის ბანკის ექსპერტები მსმენელებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ და სათანადო რეკომენდაციებს მისცემენ.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service