ENGLISH
 

28.06.2005   ბეჭდვა
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა

25-27 ივნისს ბაზელში (შვეიცარია) საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS – Bank for International Settlements) ყოველწლიური, რიგით სამოცდამეთხუთმეტე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ღლონტმა. მისი განცხადებით, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ბაზელის შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ფაქტი, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გასული წლის განმავლობაში ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის როლის მნიშვნელობაზე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების საფინანსო ბაზრების სტიმულირების მიზნით გაწეულ საქმიანობაში. შეხვედრის მსვლელობისას ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ მათთვის საინტერესო სფეროთა პრობლემებზე, კერძოდ, საგადამხდელო სისტემების სირთულეებისა და საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენა-შეფასების საკითხებზე.   27 ივნისს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის გენერალურმა მენეჯერმა მალკოლმ ნაიტმა 2004 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობაში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებას მათთვის რეკომენდაციების გაწევა წარმოადგენს. გაცნობიერებული აქვთ რა საფინანსო ბაზრების გლობალიზაციის მნიშვნელობა, ცენტრალური ბანკები საჭიროებენ საქმიანობის კოორდინირებას, რაშიც მათ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი ეხმარებათ. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიმართ ცენტრალური ბანკების დიდ ინტერესზე წლევანდელ შეხვედრაში მათი წარმომადგენლების რაოდენობაც მეტყველებს, დასძინა მალკოლმ ნაიტმა.   საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის პრეზიდენტმა ნუტ ველინკმა ჩინეთის განვითარების მაგალითზე აღნიშნა, რომ მსოფლიოში გამოიკვეთნენ ეკონომიკურად სწრაფად მზარდი ქვეყნები. 2001 წლიდან მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ნახევარი აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკაზე მოდის.   საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა ამჯერად ორგანიზაციის 75-ე წლისთავს დაემთხვა და მასში სხვადასხვა ქვეყნების 40 ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი პირების გარდა სადაზღვევო კომპანიათა საერთაშორისო ასოციაციის, დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის და ფინანსური სტაბილურობის ფორუმის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი 1930 წელს დაფუძნდა. მისი სათავო ოფისი ბაზელში (შვეიარია) მდებარეობს. 2005 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ბალანსი 180,5 მლრდ SDR-ს (დაახლოებით, 260 მლრდ აშშ დოლარი) შეადგენს. ეს ინსტიტუტი ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის მისაღწევად ცენტრალურ ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და მხოლოდ მათ ემსახურება. მის მომსახურებას 130 ცენტრალური ბანკი იყენებს.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service