ENGLISH
 

19.08.2016   ბეჭდვა
განმარტება: დამატებითი ინფორმაცია საგარეო ვალის გადახდის სტატისტიკის თაობაზე

ბოლო პერიოდში, მომხმარებელთა მხრიდან გახშირდა შეკითხვები საგარეო ვალის გადახდის სტატისტიკასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვაქვეყნებთ დამატებით მეთოდოლოგიურ განმარტებას, რაც დაეხმარება ამ საკითხით დაინტერსებულ პირებს. 

საქართველოს ეროვნული ბანკი, "საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი"-ის სტატისტიკურ ცხრილს ერთიანი საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით ამზადებს, რომელსაც ყველა ქვეყანა ეყრდნობა. მეთოდოლოგიის შესაბამისად, საგარეო ვალის გადახდის გრაფიკში ასახულია ყველა ვალდებულება, მათ შორის ისეთიც, რომლის გადახდის ვალდებულება პრაქტიკულად არასდროს დადგება.  

გადახდის გრაფიკის პირველი ხუთი სვეტი შეესაბამება იმ ვალდებულებებს, რომელიც უნდა დაიფაროს არაუმეტეს ერთი წლის ვადაში. აქედან პირველი სვეტი - "დაუყოვნებლივ გადასახდელი", განეკუთვნება იმ ვალდებულებებს, რომლის გადახდის ვალდებულება უკვე დამდგარია (ვადაგადაცილებული ვალდებულებები) ან მისი გადახდა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დროის ნებისმიერ დროს (მიმდინარე დეპოზიტები და საკორესპონდენტო ანგარიშები). საყურადღებოა, რომ მიუხედავად აქ მითითებული საკმაოდ დიდი მოცულობის თანხებისა (დაახლოებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარი 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით), მათი უმრავლესობის გადახდა პრაქტიკულად არ ხდება. უფრო მეტიც, იმ დეპოზიტების მთლიანად გადახდა, რომელიც ამ თანხის ძირითადი ნაწილია, არასდროს არ ხდება, ვინაიდან  დეპოზიტების ნაწილი იფარება და მათ ნაცვლად ახალი დეპოზიტები მოიზიდება. ანუ, რეალურად, დეპოზიტების მოცულობა მუდმივად იზრდება.1

კომპანიათაშორისი სესხების შემთხვევაში კი ხშირია ვალის გადახდის ნაცვლად მისი სააქციო კაპიტალში გადატანის შემთხვევები. მაგალითისათვის, 2016 წლის პირველ კვარტალში ადგილი ჰქონდა ამ ტიპის მსხვილ ოპერაციას - კომპანიათშორისი სესხიდან კაპიტალში გადაიტანეს 700 მილიონ აშშ დოლარამდე. ეს თანხა წლების განმავლობაში გრაფაში მითითებული იყო როგორც დაუყოვნებლივ გადასახდელი, მაგრამ გადახდის ნაცვლად ინვესტორმა იგი სააქციო კაპიტალში გადაიტანა. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაჩვენებია ერთ წელზე ნაკლებ დროში გადასახდელი თანხები მთლიანი ეკონომიკისათვის სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული "საგარეო  ვალის გადახდის გრაფიკის" ცხრილების მიხედვით.

ცხრილი 1. ერთ წელზე ნაკლებ დროში გადასახდელი თანხები, სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული "საგარეო  ვალის გადახდის გრაფიკის" ცხრილების მიხედვით
                                                                                                                                  (მლნ აშშ დოლარი)
  31 დეკ-12 31 დეკ-13 21 დეკ-14 31 დეკ -15 31 მარტ-16
საგარეო ვალის მომსახურება, სულ 4 751.1
 4 777.7 4 661.4
4 780.3
4 223.0

 

ამ ცხრილში მოცემული გადასახდელი თანხები საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არ არის ის თანხები, რაც ქვეყანამ უნდა გადაიხადოს. ამ 4.7 – 4.8 მილიარდი აშშ დოლარიდან პრაქტიკულად არ ხდება დეპოზიტებისა ($1.5  მილიარდი) და ვადაგადაცილებული დავალიანების გადახდა ($0.8 მილიარდი). სავაჭრო კრედიტების ($0.7 მილიარდი) გადახდა ნაწილობრივ (დაახლოებით ნახევრის) ხდება საქონლისა და მომსახურების მიწოდებით. ხოლო დარჩენილი თანხა 1.5 – 1.8 მილიარდი აშშ დოლარი გრძელვადიანი და მოკლევადიანი სესხები და სავალო ფასიანი ქაღალდებია.

გრძელვადიანი სავალო ფასიანი ქაღალდების (ობლიგაციები) შემთხვევაში, ხშირად გადახდის თარიღის მოახლოებისას ხდება ახალი ობლიგაციების გამოშვება და ძველის გამოსყიდვა, რაც, სტატისტიკურად განიხილება, როგორც გადახდის თარიღის გადაწევა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ტიპის ოპერაცია შეეხო 1.0 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეს ობლიგაციები ადრე ერთ წლამდე გადასახდელ ვალდებულებების სტატისტიკაში აისახებოდა, შემდეგ მათი გადახდის თარიღმა 5 -10 წლით გადაიწია.


ყველა სავალო ინსტრუმენტის შემთხვევაში ხდება როგორც ძველი ვალდებულებების გადახდა, ისე ახალი ვალდებულებების აღება, ხოლო ცხრილში "საგარეო  ვალის გადახდის გრაფიკი", ვხედავთ მხოლოდ გადახდის მხარეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ვალდებულებების აღება უმეტესწილად ჭარბობს გადახდას, რის გამოც წმინდა ნაკადი დადებითია, რაც ჩანს ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან. 


ცხრილი 2. საგარეო ვალი და წმინდა ცვლილება

                                                                                                                                      (მლნ აშშ დოლარი)

  2012 2013 2014 2015 2016
საგარეო ვალის ნაშთი პერიოდის ბოლოს  12 035.7  13 290.1 13 741.8 15 036.7
14 607.8

 * 2016 წლის პირველ კვარტალში საგარეო ვალის შემცირება გამოწვეულია ინვესტორის მიერ ვალის სააქციო კაპიტალში გადატანით.


ქვეყანაში სავალუტო სახსრების შემოდინების და გადინების ანალიზისას უმჯობესია ვიხელმძღვანელოთ არა "საგარეო ვალის გადახდის გრაფიკით" (რომელიც საორიენტაციოა), არამედ საგადასახდელო ბალანსით, რომელშიც მოცემულია შემომავალი და გამავალი ნაკადები სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობის მიხედვით დროის გარკვეული პერიოდებისათვის.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საგარეო სექტორის სტატისტიკას აწარმოებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს როგორც მეხუთე, ასევე, მეექვსე რედაქციის მიხედვით. სტატისტიკური ცხრილები განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე სტატისტიკის რუბრიკაში, სადაც ასევე მოცემულია მოკლე მეთოდოლოგიური განმარტებები.

_____________________________________________
1 ამის მაგალითია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განაწილებული ნასესხობის უფლებები, რომლის მოცულობა 144 მილიონი SDR, ანუ დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარია. განაწილებული ნსუ (SDR) არის სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი საერთაშორისო სარეზერვო აქტივი, რომელიც ნაწილდება სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებზე მათი კვოტის პროპორციულად. განაწილებული ნსუ ისეთი ვალდებულებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვადა არ დადგება, სანამ ქვეყანა იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული განაწილებული ნსუ-ს მოცულობა, ასევე, ასახულია ეროვნული ბანკის აქტივის მხარეს და შესაბამისად, სებ-ის წმინდა ვალდებულება ნულის ტოლია. 2009 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეცვალა მეთოდოლოგიური მიდგომა ნსუ-ს მიმართ, რის გამოც ამ პერიოდიდან განაწილებული ნსუ აღირიცხება საგარეო ვალის სტატისტიკაში.

 

 

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service