ENGLISH
 

19.07.2005   ბეჭდვა
რომან გოცირიძე ვალუტის გადამცვლელი არალიცენზირებული პუნქტების მფლობელებს საქმიანობის ლეგალურად წარმართვას სთავაზობს

საქართველოს ეროვნული ბანკი ერთი თვის ვადაში ვალუტის გადამცვლელი არალიცენზირებული პუნქტების მფლობელებს მუშაობის ლეგალურად წარმართვისა და შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის აღებისკენ მოუწოდებს. ამის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.   საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის სამმართველომ ვალუტის გადამცვლელი 85 არალიცენზირებული პუნქტი გამოავლინა. რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის სავალუტო ოპერაციების წარმოების ლიბერალურ სალიცენზიო პირობებს შეიმუშავებს. „ჩვენ ამ სფეროში კონკურენტული გარემო უნდა შევინარჩუნოთ. თუმცა, ამავე დროს, მოსახლეობა ყალბი ვალუტის გავრცელებისგან უნდა დავიცვათ. ვალუტა ქუჩაში უკონტროლოდ არ უნდა იყიდებოდეს“, – აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   ერთი თვის შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი არალიცენზირებული პუნქტების სიას და აღმოჩენილ დარღვევებზე ინფორმაციას ფინანსურ პოლიციას გადასცემს. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ბრალეულ ქმედებათა რიგს განეკუთვნება და, შესაბამისად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.   2005 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ფუნქციონირებს ვალუტის  გადამცვლელი 328 ლიცენზირებული პუნქტი, საიდანაც 209 ფიზიკურ, ხოლო 119  იურიდიულ პირებს ეკუთვნით.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service