ENGLISH
 

19.07.2005   ბეჭდვა
რომან გოცირიძე „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში 31 ივლისს გაიმართება „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს სპეციალური მეორე სხდომა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიიღებს მონაწილეობას. სპეციალური სხდომის მოწვევის  მიზანია „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს პრეზიდენტის არჩევა. „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელს ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევენ. ამჟამად ეს პოსტი თურქეთის წარმომადგენელს მუსტაფა გურტინს უკავია. „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობისათვის პრეტენზიას რუსეთი და თურქეთი აცხადებენ. ჯერჯერობით კონფიდენციალურია, ვის კანდიდატურას დაუჭერს მხარს რომან გოცირიძე, თუმცა ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს. „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ (BSTDB) ბისეკის (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოებისათვის (საბერძნეთი, რუსეთი, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, ალბანეთი, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) ფინანსური სიძნელეების შემსუბუქების მიზნით ჩამოყალიბდა. ბანკის შტაბბინა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მდებარეობს. ხელშეკრულებას ბანკის დაფუძნების შესახებ თბილისში ბისეკის წევრი  ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოეწერა ხელი 1994 წლის 30 ივნისს, ხოლო რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 1996 წლის 25 დეკემბერს მოახდინა. „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ საწესდებო კაპიტალი განსაზღვრულია 1 მლრდ SDR-ის ოდენობით (დაახლოებით, 2,3 მლრდ აშშ დოლარი). საორგანიზაციო და სამართლებრივი სტადიების გავლის შემდეგ, 1999 წლის 1 ივნისიდან, ბანკმა ფინანსური ოპერაციების წარმოება დაიწყო. „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ სს „საქართველოს ბანკს“, სს „თიბისი ბანკს“, სს „გაერთიანებულ ქართულ ბანკსა“ და სს „პროკრედიტბანკს“ 13,5 მლნ აშშ დოლარის საერთო მოცულობის საკრედიტო ხაზები გაუხსნა. გარდა ამისა, იგი ახორციელებს საქართველოში ექსპორტის განვითარების სადაზღვევო-საკრედიტო სააგენტოსა და ფოთის ნავთობტერმინალის რეკონსტრუქციის პროექტებს, რომელთა თანხის საერთო მოცულობა 8 მლნ აშშ დოლარზე მეტია.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service