ENGLISH
 

20.07.2005   ბეჭდვა
2005 წლის მაის-ივნისში კომერციული ბანკების მთლიანი დეპოზიტების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

2005 წლის მაის-ივნისში კომერციული ბანკების მთლიანი დეპოზიტების მოცულობის (47 მლნ ლარი) ზრდა დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში (49 მლნ ლარი). ბოლო ორი თვის მანძილზე დეპოზიტების მოცულობის ზრდა, განსაკუთრებით, ლარებში დეპოზიტების მატების ხარჯზე მოხდა და ამ უკანასკნელმა 38 მლნ ლარი შეადგინა.   „როგორც ჩანს, მაის-ივნისში კომერციულ ბანკებში ანაბრების მოცულობის ზრდას „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონის მოქმედებამაც შეუწყო ხელი“, – განაცხადა „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.   აღნიშნული კანონის საფუძველზე, დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციას დაქვემდებარებული პირი უფლებამოსილია, მიმდინარე წლის პირველი მაისიდან პირველ აგვისტომდე ჩარიცხოს ფულადი სახსრები საქართველოს კომერციულ ბანკში ვადიან ან შემნახველ ანაბარზე ეროვნული ან უცხოური ვალუტით ნაღდი ფულის შეტანით ან საზღვარგარეთიდან ფულის გადმორიცხვით.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „საბანკო არხებით ფულის ლეგალიზებისათვის 10 დღე დარჩა და ეს შანსი უნდა იქნეს გამოყენებული. ამ ფორმით თანხების ლეგალიზების დროს დეკლარირებული ქონების 1%-იანი მოსაკრებელი არ გადაიხდება. მომავალში ვერავინ მოსთხოვს პირს მის მიერ განხორციელებული ინვესტიციებისა და შენაძენების წყაროს დასახელებას, თუკი იგი კანონით განსაზღვრული სამი თვის განმავლობაში ანაბარზე თანხას შეიტანს“.   2005 წლის ექვს თვეში, წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა 96 მლნ ლარით (10,7%) გაიზარდა და 991,9 მლნ ლარი შეადგინა. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულმა დეპოზიტებმა წლის დასაწყისიდან 42,7 მლნ აშშ დოლარით (11,7%) მოიმატა და 407,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების რაოდენობა წლის დასაწყისიდან 23,1 მლნ ლარით (10,1%) გაიზარდა და 253 მლნ ლარი შეადგინა.   2005 წლის ექვს თვეში ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მატება უმთავრესად ფიზიკური პირების როგორც მიმდინარე ანგარიშებზე, ისე ვადიან დეპოზიტებზე ნაშთების ზრდის ხარჯზე მოხდა. აღნიშნული მატების დიდი წილი (14,1 მლნ ლარი) მიმდინარე ანგარიშებზე მოდის (ამ ტიპის დეპოზიტებმა ჯამში 216,7 მლნ ლარი შეადგინა). გასული წლის ივნისთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტები 2-ჯერ, მათ შორის ვადიანი დეპოზიტები ლარებში 2,4-ჯერ არის მომატებული. აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ვალუტა, დანაზოგების შენახვისა და მოსახლეობის ლარისადმი ნდობის თვალსაზრისით, თანდათანობით იძენს მიმზიდველობას. ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების 77,4% იურიდიულ პირებზე მოდის.   უცხოურ ვალუტაში დენომინირებულმა დეპოზიტებმა წლის დასაწყისიდან 42,7 მლნ აშშ დოლარით (11,7%) მოიმატა და 407,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.   სალარე დეპოზიტებისაგან განსხვავებით, ამ ტიპის დეპოზიტების 70,4% ფიზიკური პირების სახსრებია. აღსანიშნავია, რომ უცხოური დეპოზიტების მატება მთლიანად ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდის ხარჯზე მოხდა. ამასთან, წლის დასაწყისიდან, ძირითადად, უცხოური ვალუტით ვადიანი დეპოზიტების ზრდა დაფიქსირდა (50,4 მლნ აშშ დოლარი). ფიზიკური პირების მიერ როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტით ბანკებში ვადიან დეპოზიტებზე განთავსებული დანაზოგების მოცულობის მატება საბანკო სისტემის მიმართ მოსახლეობის სულ უფრო მზარდი ნდობის დადასტურებაა.  
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service