ENGLISH
 

20.07.2005   ბეჭდვა
რომან გოცირიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

1-5 აგვისტოს პოლონეთში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის ოფიციალური ვიზიტი შედგება. საქართველოსა და პოლონეთის ეროვნული ბანკების პრეზიდენტების პირველი შეხვედრა 27-28 მაისს შედგა სანკტ-პეტერბურგში შუა აზიის, ბალკანეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის ყოველწლიურ სამიტზე, სადაც პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა რომან გოცირიძე პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.   ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პოლონეთის ეროვნულ ბანკში, რომლის ორგანიზებით მოწყობილ სემინარზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წარსდგება მოხსენებით – „საქართველო: ეკონომიკური ცვლილებები და პერსპექტივები „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ“. სემინარს, რომელსაც გახსნის პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი, დაესწრებიან პოლონეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირები, კომერციული ბანკების მმართველები, მეცნიერები, პოლონური ბიზნესისა და პრესის წარმომადგენლები.    „ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვიანია პოლონეთის, როგორც წარმატებული რეფორმების ქვეყნის მონახულება, განსაკუთრებით იმ სფეროების გაცნობა, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს“,  – განაცხადა რომან გოცირიძემ.   ვიზიტის დღის წესრიგი ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრებს პოლონეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან ვარშავასა და კრაკოვში.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service