ENGLISH
 

21.07.2005   ბეჭდვა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთვის მორიგი ტრანშის გამოყოფის საკითხი დაამტკიცა

2005 წლის 20 ივლისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის მეორე შუალედური მიმოხილვის ფარგლებში 14 მლნ ნსუ-ის (SDR - ნასესხობის სპეციალური უფლება) მოცულობის (დაახლოებით, 20,2 მლნ აშშ დოლარი) მორიგი ტრანშის  გამოყოფის საკითხი დაამტკიცა.     საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მემორანდუმი - „საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ“ - განიხილეს და მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა მოიწონეს. სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს 2005 წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში გასატარებელ ღონისძიებებში მხარდაჭერა აღუთქვა.   „საქართველოს ეკონომიკა წარმატებულად ვითარდება. 2005 წლის ბოლომდე მაკროეკონომიკური სტაბილურობის განსამტკიცებლად ხელისუფლების ეკონომიკური პროგრამის მთავარი ამოცანაა ერთციფრიანი ინფლაციის დონის შენარჩუნება. გარდა ამისა, მთავრობამ უნდა გააგრძელოს რეფორმები ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და შეამციროს სიღარიბის დონე. დაგეგმილია ანტიკორუფციული სტრატეგიის ინსტიტუციონალიზაცია და შემდგომი გაძლიერება.   მომავალში მნიშვნელოვანი კაპიტალური შემოდინებების ფონზე გაზრდილი სამთავრობო ხარჯების მოცულობის გამოყენება ფისკალური და მონეტარული სტრუქტურების კოორდინაციას საჭიროებს. ინფლაციის დაბალი დონის უზრუნველსაყოფად მთავრობას განზრახული აქვს ხარჯვითი პოლიტიკის მიმართ ფრთხილი მიდგომა. ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი მზად უნდა იყოს დაწესებული ლიმიტების ფარგლებს ზევით მონეტარული პოლიტიკის გასამკაცრებლად“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაკატოში კატომ აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე.     ტაკატოში კატოს შეფასებით, 2005 წლის იანვრიდან დაწყებულმა საგადასახადო რეფორმამ, რომელსაც წინ უსწრებდა 2004 წელს საბიუჯეტო შემოსავლების შთამბეჭდავი ზრდა, ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. მისი თქმით, დაჩქარებული პრივატიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა, ფისკალური მდგრადობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე, მთავრობას პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობა მისცა. ხელისუფლებამ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების საკითხშიც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მათ შორის არის შემოსავლების ადმინისტრირების გაუმჯობესება და სამთავრობო ოპერაციების გამჭვირვალობის ხარისხის ზრდა. გარდა ამისა, პოზიტიურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის სისტემის გამარტივება, რაც კერძო სექტორის საქმიანობას გააადვილებს.         „სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონში „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ ცვლილებები შეიტანოს და განახორციელოს საგარეო სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაცია“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამა 98 მლნ ნსუ-ის (SDR - ნასესხობის სპეციალური უფლება; დაახლოებით 141,6 მლნ აშშ დოლარი) მოცულობით, გასული წლის 4 ივნისს დამტკიცდა. აღნიშნული სამწლიანი პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანში, 14 მლნ ნსუ-ის მოცულობით, ეროვნულმა ბანკმა 2004 წლის 21 ივნისს მიიღო. მეორე ტრანში, 14 მლნ ნსუ-ის (21,5 მლნ აშშ დოლარი) მოცულობით, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე 2005 წლის 11 იანვარს ჩაირიცხა.  „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის კრედიტების ვადა განისაზღვრება 10 წლით, წლიურად 0,5%-ის სარგებლის გადახდით 5,5 წლის შეღავათიანი პერიოდით. აღნიშნული რესურსები ხმარდება საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას, რომლის მოცულობამ 2005 წლის 20 ივლისისათვის 424,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service