ENGLISH
 

03.11.2015   ბეჭდვა
ლარის ბანკნოტების დიზაინი განახლდება

2016 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის - ლარის განახლებულ ბანკნოტებს გამოუშვებს, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, დღეს, სასტუმრო „რუმს თბილისში“ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.  

განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.
 
„ეს არის ლარის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე, ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება, ეს პროექტი აერთიანებს ფულის ნიშნების წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს, მოვლენას და ფაქტორს: პირველი, როგორც მოგეხსენებათ 2015 წელი ეროვნული ვალუტის საიუბილეო თარიღია, ეს იყო ახალი ეპოქა ფულის ისტორიაში, შესაბამისად, სიმბოლურად, დიზაინის მნიშვნელოვანი განახლებაც ამ თარიღს დავამთხვიეთ; მეორე, მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი, პერიოდულად ავსებს ფულის ნიშნის მარაგებს, რითაც ანაცვლებს მიმოქცევაში არსებულ უკვე გაცვეთილ და დაზიანებულ ფულის ნიშნებს ახალი ბანკნოტებით. მოცემული პერიოდისთვის ეროვნულ ბანკს მარაგების შევსება უწევდა, შესაბამისად ეს იყო საუკეთესო დრო, ვინაიდან პროცესი არ მოითხოვდა დამატებით ფინანსურ რესურსს; მესამე, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგიური პროგრესი - თავის დროზე ლარის ბანკნოტები საკმაოდ მაღალი სტანდარტის შესაბამისი იყო და პასუხობდა საერთაშორისო მოთხოვნებს, წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა ბეჭდვის პროცესი, შეიქმნა უფრო ძლიერი დამცავი ნიშნები, ახალი ტენდენციებია დიზაინის კუთხითაც - სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება გვქონოდა განახლებული დიზაინის ფულის ნიშანი, რომელიც თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიო ვალუტებს შორის“, - განაცხადა პრეზენტაციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ლარის განახლებულ  ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი,  ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.

ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან.

განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი.

ლარის განახლებული  ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.

განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.

საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავებული ლარის განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფის პროცესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: „Giesecke & Devrient“ (გერმანია), „Oberthur Fiduciaire“ (საფრანგეთი), „De La Rue“ (ინგლისი).

5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები განახლდება მოგვიანებით.

განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ სპეციალურ ვებგვერდს - 
www.ganakhlebulilari.ge  
 
 

 


 
 
<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service