ENGLISH
 

27.07.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები გასამრჯელოს პლასტიკური ბარათებით მიიღებენ

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები 2005 წლის აგვისტოდან გასამრჯელოს პლასტიკური ბარათებით მიიღებენ. ეროვნული ბანკის „სახელფასო პროექტის“ განხორციელებას „საქართველოს ბანკი“ უზრუნველყოფს.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორება უნდა დაინერგოს ყველა მსხვილ სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურაში, რადგან ამით ხელი შეეწყობა გამჭირვალობისა და ანტიკორუფციული მექანიზმის შექმნას.   პლასტიკური ბარათების მეშვეობით ანგარიშსწორება მოქალაქეებს კომუნალური და სხვა ტიპის გადასახადების გადახდასა და სავაჭრო ობიექტებში უნაღდო ანგარიშსწორებას გაუადვილებთ. ამასთან, ლარებში ტრანზაქციების ზრდა პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის საფინანსო სისტემის განვითარებაზე, შეავიწროებს ჩრდილოვან სექტორს და გააუმჯობესებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.   გარდა ამისა, ხელფასის გადახდის ამ საშუალების დანერგვით შემცირდება ქაღალდის ფულის მოცულობა, რომლის ბეჭდვა საკმაოდ ძვირადღირებულია. ფულის ნიშნების ბეჭდვის, გავრცელებისა და კონტროლის დანახარჯები გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-დან 2%-მდე აღირიცხება. ცენტრალურ ბანკებს დიდი მოცულობის ნაღდი ფულის გადაცვლის, გადათვლის, შეფუთვის, შემოწმების, უსაფრთხო ტრანსპორტირების, ბანკნოტებისა და მონეტების გავრცელების დროს დიდი ოდენობით ფულადი რესურსის, კერძოდ, ნაღდი ფულის ბრუნვის მთლიანი მოცულობის 4,5%-5%-ის გაღება უწევთ.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service