ENGLISH
 

30.09.2015   ბეჭდვა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2015 წელი, მეორე კვარტალი)

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია“, შესაბამისად.

2015 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 354.7 მლნ აშშ დოლარი (809.1 მლნ ლარი, მეორე კვარტლის მშპ–ს 10.4 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას აკისრია. საქონლით ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 2015 წლის მეორე კვარტალში წლიური 7.0 პროცენტიანი კლების შედეგად 991.0 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 21.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14.3 პროცენტით შემცირდა. 

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. მომსახურების ექსპორტი წლიურად 0.4 პროცენტით, ხოლო მომსახურების იმპორტი 0.1 პროცენტით შემცირდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 7.1 პროცენტით გაიზარდა და 460.1 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა.

სავაჭრო ბალანსის უარყოფით სალდოს ასევე ნაწილობრივ აკომპენსირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტიც წლიურად 12.3 პროცენტით გაიზარდა და 446.9 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა. მატება სამთავრობო სექტორის 4.1-ჯერ გაზრდილმა ტრანსფერებმა გამოიწვია, ძირითადად ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული 143.2 მლნ აშშ დოლარის დახმარების ხარჯზე. 2015 წლის მეორე კვარტალში 24.6 პროცენტით არის შემცირებული სხვა სექტორების მიმდინარე ტრანსფერების კრედიტი. 

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეორე კვარტალში 314.3 მლნ აშშ დოლარი (716.9 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც კვარტალური მშპ-ს 9.2 პროცენტია. მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, საფინანსო და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში განხორციელდა. 
 
 

 
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: 
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304
 

 

 

_____________________________
1უცხოური  პირდაპირი ინვესტიციები მცირედ განსხვავდება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან. აღნიშნული მონაცემები, როგორც წესი, იზრდება წლიური გამოკვლევის შემდეგ, რადგან ხდება კვარტალური მოგება-ზარალის დაზუსტება. საგადასახდელო ბალანსში მოცემული მონაცემები წინასწარ შესწორებულია აღნიშნული ეფექტის გათვალისწინებით, რაც ასევე თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის ROSC-ის მისიის რეკომენდაციასთან. წლიური გამოკვლევის შემდეგ, როდესაც დაზუსტდება უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მონაცემები, საგადასახდელო ბალანსის მონაცემები კვლავ შესაბამისობაში მოვა საქსტატის მონაცემებთან. 

 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service