ENGLISH
 

26.09.2015   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის XXXIV შეხვედრას უმასპინძლა

25-27 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისმა „ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის XXXIV შეხვედრას“ უმასპინძლა. ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კლუბის წევრი 23 ქვეყნის მმართველი - ისრაელის, ჩეხეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ჩინეთის, უკრაინის, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბოსნია და ჰერცეგოვინას,  ხორვატიის,  ყაზახეთის, ყირგიზეთის, მაკედონიის, მოლდოვას, მონტენეგროს, რუსეთის, სერბიის, სლოვენიის და ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკებიდან.

საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური თემის შესახებ იმსჯელეს - ვალუტის გაცვლითი კურსი და მაღალი დოლარიზაცია.

„პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი რანგის შეხვედრა საქართველოში პირველად იმართება, რომელშიც მონაწილეობენ 20-ზე მეტი ქვეყნის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები, მათ შორის ისეთი ქვეყნების, როგორიცაა ჩინეთი, თურქეთი, უკრაინა, ჩეხეთი და ა.შ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვატარებთ და ეროვნული ბანკის ავტორიტეტზე ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ის, რაც რეგიონში და მსოფლიოში ხდება, არის მთავარი განხილვის თემა, რომელიც ეხება ეროვნული ვალუტების გაუფასურებას. ამასთან დაკავშირებით არის დღევანდელი შეხვერდა და ქვეყნები გვიზიარებენ და უზიარებენ ერთმანეთს იმ გამოცდილებას, რომელიც თითოეულ ქვეყანაში არის ამასთან დაკავშირებით და რაც მთავარია, რა უნდა გაკეთდეს და რა შეიძლება იყოს ყველაზე საუკეთესო გამოსავალი დღეს ამ ვითარებაში.

და ბოლოს, მმართველთა კლუბის შეხვედრა სპეციალურად დავამთხვიეთ ლარის 20 წლის იუბილეს. ეს არის პირველი ღონისძიება ამ იუბილეს ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ. მოგეხსენებათ, რომ ამ დღესთან დაკავშირებით მოიჭრა სპეციალური მონეტა. ასევე დაგეგმილი გვაქვს ბევრი სიურპრიზი უშუალოდ ფულის ნიშნებთან დაკავშირებით და  მომდევნო კვირებში ამ პროექტებზე გვექნება ძალიან საინტერესო პრეზენტაციები", - განაცხადა  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

 
მმართველთა კლუბის შეხვედრაში განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონარდო ლიდერმანი, რომელიც უკვე წლებია საქართველოს ეროვნულ ბანკს ქვეყნის საფინანსო სისტემის ლარიზაციის პროცესში კონსულტაციებს უწევს.

ღონისძიებაზე სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემა სწორედ მაღალი დოლარიზაციის პრობლემა იყო. აღსანიშნავია, რომ  ისრაელმა თავის დროზე დედოლარიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, რომელსაც ლეონარდო ლიდერმანი ხელმძღვანელობდა და მისი გამოცდილების გაზიარება დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით უმნიშვნელოვანესია როგორც საქართველოსთვის, ისე იმ ცენტრალური ბანკებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ამ შეხვედრაში.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ დაიწყება ორმხრივი სავალუტო სვოპ გარიგებების მოსამზადებელი სამუშაოები და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცემა წვდომა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. „ეს არის მემორანდუმი, რომლის შემდეგაც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას სავალუტო სვოპზე ლარსა და იუანს შორის, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც ჩვენ ბიზნეს სუბიექტებს და მეწარმეებს, ვისაც აქვთ სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან, შესაძლებელი იქნება ძალიან საინტერესო საკრედიტო პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“,  - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

27 სექტემბერს, ცენტრალური ბანკის მმართველები აჭარას ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ ბათუმის ღირსშესანიშნაობებს.

ცენტრალური აზიის, შავი ზღვის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკის მმართველთა კლუბი 1998 წელს დაარსდა. მმართველთა კლუბის მთავარი მიზანია რეგიონში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და საბანკო სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა. ორგანიზაციის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ფულადი და სავალუტო ბაზრების ეფექტური ფუნქციონირება, ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და მონაწილე ქვეყნებისთვის სხვა საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე მსჯელობა. კლუბი განსაკუთრებულ ინტერესს უთმობს განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის შემოდინების წახალისების და ეროვნული საგადახდო სისტემების განვითარების საკითხებსაც.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service