ENGLISH
 

26.09.2015   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა

ლარის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

20 ლარის ნომინალის, 28.28 გრამიანი, მონეტა დამზადებულია 925 ვერცხლის სინჯით. მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი ბაჩა მალაზონია.

მონეტის ავერსის დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მზე, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს მარადიულობას და სიცოცხლეს, ხოლო მზის სხივების მეწამული ფერი ეხმიანება ეროვნულ სიმბოლიკას და ასევე არის ძალაუფლების, სიძლიერის და სიმამაცის ფერი. მონეტის ცენტრში გამოსახულია ახლად დამკვიდრებული ლარის გრაფიკული ნიშანი, რომელსაც წრიულად გასდევს წარწერა „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ასევე ლარის შემოღებიდან დღემდე პერიოდის აღმნიშვნელი თარიღები – ლარი 20 წელს ითვლის.

რევერსზე, მონეტის ცენტრალურ ნაწილში, განთავსებულია საკასო ცენტრის შენობა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშია და წარმოადგენს ეროვნული ვალუტის - ლარის შენახვის და უსაფრთხოების სიმბოლოს, ხოლო მის ქვედა ნაწილში განთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი „20“ და წარწერა „ლარი“ ქართულ ენაზე. მონეტის ზედა ნაწილში, ასევე დატანილია ინგლისურ ენაზე წარწერა „National bank of Georgia”.

მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში (Мennica Polska, პოლონეთი) მოიჭრა და რეალიზაციაში ათასხუთასიანი ტირაჟით გავა. მონეტის სარეალიზაციო ფასი 95 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება დღეიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.



მონეტის აღწერილობა:
ნომინალი: 20 ლარი
შემადგენლობა: ვერცხლი 925
წონა გრამებში: 28.28 გრ.
დიამეტრი: 38.61 მმ.
მონეტის წიბო: გლუვი
ხარისხი: ფრუფი
მოჭრის რაოდენობა: 1500
გამოშვების წელი: 2015
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service