ENGLISH
 

02.08.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკში საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების შესახებ სამუშაო თათბირი ჩატარდა

საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების შექმნისა და განვითარების საკითხის თაობაზე საქართველოს ეროვნულ ბანკში სამუშაო თათბირი ჩატარდა. შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.   „საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების საქმიანობა კომერციულ ბანკებს წარუმატებელი გარიგებების თავიდან აცილებასა და არაკეთილსინდისიერი გადამხდელის დროულ ამოცნობაში, ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმაციის გაცვლაში, მატერიალური რესურსების ეკონომიაში, წმინდა მოგების მაჩვენებლის ზრდაში, დროისა და ფულის მინიმალური დანახარჯებით თანხის ამოღებაში ეხმარება“, – აღნიშნა დავით ამაღლობელმა.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განცხადებით, საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების მეშვეობით ქართულმა ბანკებმა პოტენციური კლიენტის საკრედიტო წარსულის თაობაზე ინფორმაცია უნდა მიიღონ.   „საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროს შესახებ“ კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის – „საქართველოს საწარმოთა განვითარების ინიციატივა“ – ფარგლებში შემუშავდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განცხადებით, ეროვნული ბანკის ინიციატივით ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო-ნორმატიულ ბაზას მოამზადებს.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service