ENGLISH
 

03.08.2005   ბეჭდვა
პოლონეთში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი გრძელდება

პოლონეთში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს მოინახულა ამ ქვეყნის ზარაფხანა, სადაც მონეტების დამზადების ახალ ტექნოლოგიებს გაეცნო. პოლონეთის ზარაფხანამ საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად უკვე გამოსცა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებული თემატიკის სამახსოვრო მონეტა, რომლის ერთ მხარეს ქართული ეროვნული დროშაა გამოსახული. პოლონეთის ზარაფხანაში საუბარი საქართველოს ეროვნულ ბანკთან სამომავლო თანამშრომლობას შეეხებოდა.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე შეხვდა პოლონეთის ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე საუბარი პოლონეთის სოციალურ სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და საგადასახადო და საბაჟო სისტემების მუშაობას შეეხებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლონეთის საგადასახადო კანონმდებლობით განსაკუთრებით დაინტერესდა.   „პოლონეთში შემოსავლების დამალვა არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი. ამ ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულისათვის ეკონომიკური სანქციებითვე სჯიან. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების დამალვისათვის დაწესებული ჯარიმები პოლონეთში ძალიან მაღალია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის საწყის ვარიანტში არსებობდა ეს ფორმულირება, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა. მიმაჩნია, რომ საგადასახადო შემოსავლების დამალვისათვის, თუკი საუბარი მილიონებს არ შეეხება, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა ეკისრებოდეს“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.   ევროკავშირის ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში სასჯელის სიმკაცრე დამალული შემოსავლების ოდენობაზეა დამოკიდებული. საქართველოში დაწესებულია 25 ათასი ლარის ოდენობის ზღვარი. თუკი დამალული შემოსავალი ამ თანხაზე მეტია, აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. ასეთ ვითარებას რომან გოცირიძემ კურიოზული უწოდა.   მოგვიანებით რომან გოცირიძე პოლონეთის ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის, სავალუტო და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამ სფეროებში პოლონეთის ეროვნული ბანკი საქართველოს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.   შეხვედრაზე პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა ქართველ კოლეგას უახლოეს მომავალში ექსპერტების გაცვლითი პროგრამის შემუშავება აღუთქვა.   ხვალ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე პოლონეთის ეროვნული ბანკის ფილიალის საქმიანობის შესასწავლად კრაკოვში გაემგზავრება.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service