ENGLISH
 

27.09.2006   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ სემინარი გაიმართება

28 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩატარდება სემინარი თემაზე – „სახელმწიფო და საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზარი, მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. სემინარს დაესწრებიან საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ბანკების ასოციაციისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები.   სემინარს გაუძღვება ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საერთაშორისო საკითხების ტექნიკური დახმარების ოფისის მუდმივი მრჩეველი  დევიდ კულპეპერი.   სემინარზე ამერიკელი ექსპერტი მიმოიხილავს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეტალებს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების როლს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სავაჭრო პლატფორმას, ბანკის სავაჭრო ოპერაციებსა და კავშირს ბანკის მიერ მოხმარებულ/წარმოქნილ ფულად სახსრებს შორის, ასევე კომერციული ბანკების  საინვესტიციო ინსტრუმენტებს, ე.წ „ღია ბაზრის ოპერაციებს“. გარდა ამისა, დევიდ კულპეპერი ისაუბრებს საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებზე, როგორც სახელმწიფო ფასიანი  ქაღალდების ფუნქციის მქონე ინსტრუმენტის მნიშვნელობაზე.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ დავით ამაღლობელის განცხადებით, „განვითარებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ინსტრუმენტების ეფექტურობის უზრუნველყოფის საფუძველია. საქართველოს ეროვნული ბანკის უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან კომერციული ბანკები. მათთან ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით კონსულტაციებსა და მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service