ENGLISH
 

05.08.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მორიგი ტრანში ჩაირიცხა

2005 წლის 5 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის ფარგლებში, 14 მლნ (დაახლოებით, 20,4 მლნ აშშ დოლარი) ნსუ-ის (SDR – ნასესხობის სპეციალური უფლება) მოცულობის ტრანში ჩაირიცხა. მიმდინარე წლის 20 ივლისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის გატარებული პოლიტიკა პოზიტიურად შეაფასა და „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის ფარგლებში მორიგი ტრანშის გამოყოფის  საკითხი დაამტკიცა.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მთავრობასთან ერთად, აღნიშნული პროგრამის პარამეტრების შესრულებას გააგრძელებს, რაც შემოდგომაზე სავალუტო ფონდის მისიის მიერ პროგრამის მიმდინარეობის განხილვის შემდეგ, წლის ბოლოსათვის, მორიგი ტრანშის გამოყოფის დამტკიცების საფუძველი გახდება. დავით ამაღლობელის შეფასებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ლარის გაცვლითი კურსისა და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იქნება მიმართული.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტები ხმარდება საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას, რომელმაც, 2005 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით, 444,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამა, 98 მლნ (დაახლოებით, 141,6 მლნ აშშ დოლარი) ნსუ-ის (SDR – ნასესხობის სპეციალური უფლება) მოცულობით, გასული წლის 4 ივნისს დამტკიცდა. აღნიშნული სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, პირველი ტრანში, 14 მლნ ნსუ-ის მოცულობით, ეროვნულმა ბანკმა 2004 წლის 21 ივნისს მიიღო. მეორე, 14 მლნ ნსუ-ის მოცულობის ტრანში საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე 2005 წლის 11 იანვარს ჩაირიცხა.   „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის კრედიტების ვადა განისაზღვრება 10 წლით, წლიურად 0,5%-ის სარგებლის გადახდითა და 5,5 წლის შეღავათიანი პერიოდით.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service