ENGLISH
 

09.08.2005   ბეჭდვა
შვეიცარიული კომპანია KBA GIORI-ი ქართველი დიზაინერებისათვის ტრენინგ-სემინარს ჩაატარებს

მაღალი დაცვის პოლიგრაფიული მანქანების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია KBA GIORI-ის რეგიონულმა დირექტორმა სერგეი პივენმა საქართველოს ეროვნულ ბანკში საკუთარი პროდუქციის პრეზენტაცია გამართა. კომპანიამ ფულის ნიშნების დიზაინის შესაქმნელად კონსულტაცია გაუწია ყაზახეთის, უკრაინისა და პაკისტანის ცენტრალურ ბანკებს. იგი ასევე მონაწილეობს შვეიცარიის ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ახალი კონცეფციის შემუშავებაში. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.   მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში შვეიცარიული კომპანია KBA GIORI-ის ექსპერტები საქართველოში ფულის ნიშნების დიზაინზე მომუშავე ექსპერტებს უსასყიდლოდ ჩაუტარებენ ტრენინგ-სემინარს, რომელიც გაიმართება საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაში. ტრენინგ-სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღება როგორც ფულადი ნიშნების დიზაინზე მომუშავე, ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ ქართველ მხატვრებსაც შეეძლებათ.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე გალდავას განცხადებით, მომავალში ლარის ახალი ნიშნების ბანკნოტების დიზაინი ევროსტანდარტისა და „ფულის ერთიანი ოჯახის“ კონცეფციის მიხედვით უნდა მომზადდეს. რაც შეეხება შვეიცარიული კომპანიის ექსპერტების მონაწილეობით დაგეგმილ ტრენინგ-სემინარს, ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, რომ ქართველი მხატვარ-დიზაინერებისათვის მნიშვნელოვანი იქნება შვეიცარიელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება.   მაღალი დაცვის პოლიგრაფიული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია KBA GIORI-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულება მომხმარებლისთვის ფულის ნიშნების დამზადების სერვისის სრული პაკეტის შეთავაზებაა. კომპანიის 1500-ზე მეტი პოლიგრაფიული მანქანა მსოფლიოს 175 ქვეყნის ფულად ნიშნებს ბეჭდავს.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service