ENGLISH
 

22.08.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 200 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა აფხაზეთში მოღვაწე მხატვრებსაც შესთავაზა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ აფხაზეთში მოღვაწე მხატვრებს 200 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა. შესაბამისი შინაარსის წერილი უკვე გაიგზავნა სოხუმში, აფხაზეთის მხატვართა კავშირის მისამართზე. „შემთხვევითი ნამდვილად არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კონკურსში მონაწილე დიზაინერებისათვის გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძისა და ქართველი და აფხაზი ხალხისათვის ერთნაირად ძვირფასი აფხაზეთის თემატიკის შეთავაზება, – ნათქვამია წერილში, – ქართველებსა და აფხაზებს საერთო კულტურული ფესვები გვაქვს. ქართული ფულის ნიშანზე აფხაზეთის ხედის დატანა სწორედ იმის ნიშანია, რომ აფხაზეთი ჩვენმა ხალხებმა ერთად უნდა აღაშენონ და იქ გვერდიგვერდ მშვიდობიანად იცხოვრონ“.   საქართველო სამონეტო საქმის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. ფულის მიმოქცევა და მისი მოჭრა საქართველოში ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით VI-V საუკუნეებში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მოჭრილი ქართული ფულის უძველესი ნიშნის „კოლხური თეთრის“ აბსოლუტური უმრავლესობა აღმოჩენილია ქ. სოხუმთან. წერილის მიხედვით, ეს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი ხალხების კულტურული ისტორიის სათავეების ერთიანობას. სწორედ ამიტომაც ქართველთა და აფხაზთა არამხოლოდ ისტორიული, არამედ მოქალაქეობრივი ვალია, ხელი შევუწყოთ აფხაზეთში კონფლიქტის დროულად მოგვარებას.    „საქართველოს ეროვნული ბანკი ღრმა პატივისცემით მიმართავს ღირსეული აფხაზი ერის წარმომადგენლებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოსურნე ყველა ქართველ და აფხაზ მოქალაქეს, ერთნაირად გაითავისოს საქართველოს ეროვნული ბანკის იდეა – გამოისახოს ქ. სოხუმის ხედი ახალი, ევროპული სტანდარტით დამზადებული 200 ლარის ღირსების ბანკნოტზე, რადგან სოხუმი, და მთლიანად აფხაზეთი, ქართველი და აფხაზი ერის ერთიანი და განუყოფელი სამშობლოა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება 200-ლარიანი ბანკნოტის საუკეთესო დიზაინის გამოსავლენ კონკურსში აფხაზი ერის წარმომადგენელთა მონაწილეობას“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის წერილში, რომელიც მან სოხუმში აფხაზეთის მხატვართა კავშირს გაუგზავნა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service