ENGLISH
 

31.10.2014   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება

ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და საერთაშორისო პრაქტიკის განხილვის შემდეგ, დაასრულა საბანკო სექტორის არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა. როგორც საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, ამ თემასთან დაკავშირებით ქვეყნების მიხედვით განსხვავებული მიდგომებია. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში რეგულატორების პოლიტიკაში იკვეთება ტენდენცია, რომელიც ბანკებს უძრავი ქონებისა და სხვა არასაფინანსო სექტორებში ჩართვას უზღუდავს, მათ შორის ბანკების შვილობილების მეშვეობითაც. 

უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის საქართველოში აღნიშნული საქმიანობის მასშტაბები კვლავ შედარებით მცირეა. ბანკების მხრიდან არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვის მიმართ ეროვნული ბანკის ლიბერალური დამოკიდებულება ერთ-ერთი ნაწილი იყო იმ პოლიტიკისა, რომელიც 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით შემუშავდა სხვადასხვა რეგულაციის შერბილებასთან ერთად. ამ ეტაპზე, აღარ არსებობს მსგავსი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობა და აღნიშნულმა პაკეტმა საკუთარი თავი მთლიანად ამოწურა. უძრავი ქონების სექტორის გაჯანსაღების ტენდენციამ და ბანკების არაპროფილური საქმიანობის მზარდმა მასშტაბებმა დღის წესრიგში დასვა საზედამხედველო მიდგომის ცვლილების აუცილებლობა.  

ბანკების არაპროფილურ საქმიანობაში ჩართულობა სებ-ის მიერ საშუალოვადიან პერსპექტივაში სექტორისათვის რისკიანად ფასდება. მსგავსი პრაქტიკა აჩენს ინტერესთა კონფლიქტის რისკს. დამატებითი არგუმენტია ეკონომიკის რეალურ სექტორში კონკურენციაზე უარყოფითი ზეგავლენის არიდება. 

აქვე აღსანიშნავია, რომ სებ-ი მიესალმება კომერციული ბანკის აქციონერების მხრიდან არასაბანკო სფეროში ინვესტიციების განხორციელების პრაქტიკას, თუ აღნიშნული არ ხორციელდება უშუალოდ ბანკების მიერ და ასევე არ წარმოქმნის დამატებით რისკებს ბანკებისათვის. 

ამდენად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს აეკრძალოთ არაპროფილური საქმიანობა და საბანკო სექტორი შემოიფარგლოს მხოლოდ ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდებით. სებ–ი მნიშვნელოვნად ამკაცრებს ახალი ნებართვების გაცემის მიდგომას არაპროფილური საქმიანობის წამოწყებაზე, რაც შესაბამისობაშია 2008 წლამდე არსებულ პრაქტიკასთან. ასევე, იმ კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც უკვე ჩართულნი არიან ასეთ საქმიანობაში, 30 კალენდარული დღის ვადაში სებ-ს უნდა წარმოუდგინონ ბანკის არასაფინანსო სფეროდან ეტაპობრივი (2015 წლის 31 დეკემბრამდე) გამოსვლის დეტალური სტრატეგია.

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service