ENGLISH
 

08.10.2014   ბეჭდვა
გიორგი ქადაგიძე დეველოპერული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დეველოპერულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა, არსებულ გამოწვევებსა და ეროვნული ბანკის მხრიდან სექტორის განვითარებისთვის გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
 
„დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე ვისაუბრეთ. პირველი ესაა, ჩვენს მიერ ლარში იპოთეკური სესხების ხელშეწყობის პროგრამა, რომელმაც უკვე პირველი შედეგი გამოიღო: გაიზარდა ლარში გაცემული იპოთეკური სესხების წილი, რამაც, თავის მხრივ სამშენებლო სფეროს გამოცოცხლებას შეუწყო ხელი და ეს უკვე  კონკრეტულ რიცხვებშიც გამოიხატა. მეორე თემა გახლავთ უშუალოდ დეველოპერების წინაშე არსებული გამოწვევები, განსაკუთრებით კი კომერციულ ბანკებთან ურთიერთობაში რა პრობლემებია და როგორ შეგვიძლია ეს დავარეგულიროთ, და მესამე, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტები, რომელიც დაკავშირებულია ბანკების მხრიდან არაპროფილური აქტივების ფლობასთან. მოგეხსენებათ ეს დიდი ხნის წუხილის თემაა, სხვადასხვა ბაზრის მონაწილეების მხრიდან, ამასთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩავატარეთ, ძალიან ახლოს ვართ გადაწყვეტილებასთან და თვის ბოლოს ჩვენ განვაცხადებთ ამ გადაწყვეტილების შესახებ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეველოპერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
 
გიორგი ქადაგიძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს, რომ ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი რისკი კომერციულ ბანკებსა და დეველოპერულ ინდუსტრიას შორის ამოიწუროს და შესაბამისად მიღებული იქნება საზედამხედველო დირექტივები ამა თუ იმ მოთამაშესთან დაკავშირებით. „რაც შეეხება ბაზრის ზომას, არაერთხელ მითქვამს, რომ უშუალოდ არაპროფილური სექტორი საბანკო სექტორთან შედარებით არ არის მნიშვნელოვანი, ეს ჯამურად 1%-ზე ნაკლებია, თუმცა ამ ინდუსტრიებისთვის ეს მაინც მნიშვნელოვანი წილია. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ არა იმასთან დაკავშირებით უკვე სად ვართ, არამედ რა მიმართულებით განვითარდება მთლიანად ფინანსური და დეველოპერული სექტორები. მივდივართ უნივერსალური საბანკო მომსახურებისკენ, თუ კლასიკური საბანკო მომსახურებისკენ. ჩვენი მთავარი ამოცანა მკაფიო ბარიერის ქონა იქნება, რათა მეანაბრეთა თანხა ისეთი სეგმენტებისკენ არ იყოს მიმართული, რაც კლასიკური საბანკო საქმიანობა არ არის. ამასთან არცერთი ბანკის აქციონერს არავინ აუკრძალავს, რომ ინვესტიცია სხვა ინდუსტრიებში განახორციელოს. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
 
რაც შეეხება გადაწყვეტილების ფორმატს, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა ეს, სავარაუდოდ, ნორმატიული აქტი იქნება, რომელიც ეროვნული ბანკის კომპეტენციაში შემავალ სუბიექტებს, ამ შემთხვევაში კომერციულ ბანკებს დაარეგულირებს.
 
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service