ENGLISH
 

24.08.2005   ბეჭდვა
აშშ რუსული ბანკების წინააღმდეგ აქტიურდება

აშშ-ში, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და ანგარიშსწორების მონიტორინგის განხორციელების ეგიდით, რუსული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშების მასიური დახურვა დაიწყო. ბოლო ორი თვის მანძილზე ამერიკის ტერიტორიაზე საქმიანობაზე უარი ეთქვა რამდენიმე ათეულ რუსულ კომერციულ ბანკს, რომელთა შორის ასახელებენ „რეგიონთაშორის საინვესტიციო ბანკს“, „საპროექტო ფინანსირების ბანკს“, „ისტ-ბრიჯ ბანკსა“ და სხვ.   ამერიკული ბანკები რუსული საბანკო დაწესებულებების საკორესპონდენტო ანგარიშებს აქტიურად ხურავენ. ეს პროცესი ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო. ტალღის აგორების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება გაეროს პროგრამის „ნავთობი – სურსათის სანაცლოდ“ ირგვლივ ატეხილი სკანდალი, რომელშიც ბევრი რუსული კომპანია აღმოჩნდა გახვეული. რუსეთის ბანკ-კორესპონდენტების მიმართ მოთხოვნები აშშ-ში ამჟამად ძალზე გამკაცრდა. მათ ყველა ტრანზაქციის დასაბუთება და დამოწმება სჭირდებათ იმის დასამტკიცებლად, რომ განხორციელებული ოპერაცია კავშირში არაა ფულის გათეთრებასთან.   გასული წლიდან ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ამერიკულ ბანკებს, მათი უცხოური ბანკი-კორესპონდენტების ოპერაციების შემოწმების საბაბით, პირობები გაუმკაცრა. ამჟამად ყველა ამერიკული ბანკი თავიანთი უცხოური კონტრაგენტების ოპერაციების შესახებ უფრო დეტალურ და აქტუალურ ინფორმაციას ითხოვს.   გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ 2004 წლის გაზაფხულიდან 2005 წლის გაზაფხულამდე პერიოდში, ამერიკაში, დაახლოებით, 300 რუსული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიში დაიხურა. თუმცა, ანალოგიურ პროცესს შარშანაც ჰქონდა ადგილი. მაგალითად, გასული წლის მაისში ABN Ambro-მ დსთ-ის ქვეყნების არაერთი ბანკის ანგარიში დახურა. უფრო ადრე, Bank of New York-მა რუსული ბანკების დიდი ნაწილის საკორესპონდენტო ანგარიშების ლიკვიდირება მოახდინა, ხოლო ნოემბერში United Bank of California-მ რუსულ კორესპონდენტ ბანკებს რუსეთთან ყოველგვარი საქმიანი კონტაქტების შეწყვეტისა და მათი ანგარიშების ლიკვიდაციის შესახებ შეატყობინა. შედეგად, დსთ-ის, დაახლოებით, 300 ბანკი იძულებული გახდა, ამერიკაში ახალი პარტნიორები ეძებნა. მაშინ ეს გარემოება აიხსნა ამერიკელი ჩინოვნიკების ზოგადი უნდობლობით იმ რუსული საბანკო ბიზნესსტრუქტურების მიმართ, რომლებიც აქტიურად იყენებდნენ ოფშორულ სქემებს.   რუსული ბანკების დიდი ნაწილი, რომელსაც აშშ-ის მსხვილმა საბანკო ინსტიტუტებმა საკორესპონდენტო ანგარიშები დაუხურა, აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთის ე. წ. საბანკო სისტემასთან. აფხაზეთში მოქმედი საბანკო დაწესებულებები ელექტრონული ანგარიშსწორების მექანიზმით არიან დაკავშირებული რუსეთთან - ჩართულნი არიან რუსეთის საფინანსო-საკრედიტო სისტემაში „ზოლოტაია კორონა“, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში და პირიქით, ისევე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვა.   „ჩვენ შესაძლოა, მივმართოთ FATF-სა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფი) და წამყვან საბანკო ქვეყნებს, რათა დაიხუროს რუსეთის იმ კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები, რომლებიც აფხაზეთის, ე. წ. კომერციული ბანკების მეშვეობით ფულის გათეთრებას ეწევიან“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service