ENGLISH
 

24.08.2005   ბეჭდვა
საქართველოს მთავრობას ეროვნული ბანკიდან წელს სესხი არ აუღია

საქართველოს მთავრობას ეროვნული ბანკის წინაშე მიმდინარე დავალიანება არ გააჩნია. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განცხადებით, ბანკის წინაშე წინა წლებში წარმოშობილ დავალიანებებს მთავრობა ბიუჯეტიდან დროულად ისტუმრებს.   “საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი შეთანხმებულად მოქმედებენ, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს მთავრობის მემორანდუმი - „საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ“ - საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა მოიწონეს. სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს 2005 წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში გასატარებელ ღონისძიებებში მხარდაჭერა აღუთქვა,” – აღნიშნა დავით ამაღლობელმა. მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ფასების სტაბილურობისა და ლარის გაცვლითი კურსის უზრუნველსაყოფად იქნება მიმართული.   2005 წლის 5 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის ფარგლებში, 14 მლნ ნსუ-ის (SDR – ნასესხობის სპეციალური უფლება) მოცულობის ტრანში ჩაირიცხა.   “საქართველოს მთავრობას ეროვნული ბანკიდან წელს სესხი არ აუღია, რაც უპრეცედენტო მოვლენაა,” – აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მთავრობა არ ასრულებს ეროვნული ბანკის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, სინამდვილეს არ შეესაბამება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service