ENGLISH
 

29.08.2005   ბეჭდვა
გერმანელმა ექსპერტებმა ეროვნულ ბანკში რისკის მენეჯმენტის შესახებ სემინარი გამართეს

საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა სემინარი თემაზე „რისკის მენეჯმენტი საკრედიტო საქმიანობაში“, რომელიც გერმანიის რეკონსტუქციის საკრედიტო დაწესებულების (KFW) პროექტის („საკრედიტო ბანკების განვითარების სისტემა საქართველოსა და აზერბაიჯანში“) ფარგლებში „გერმანიის შემნახველი სალაროს საერთაშორისო ურთიერთობათა ფონდის“ (Sparkasse Stiftung) ექსპერტებმა ჩაატარეს. სემინარში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.   Sparkasse-ის ფონდის პროექტის მენეჯერის მარტინა შუციაკის (Martina Chudziak) ინფორმაციით, KFW ეროვნულ ბანკში გამართული სემინარით რისკების მართვის შესახებ ტრენინგების ციკლს იწყებს. ანალოგიური შეხვედრა, ეროვნული ბანკის გარდა, ერთ-ერთ კომერციულ ბანკშიც არის გათვალისწინებული.   ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე გალდავას განცხადებით, გერმანელი ექსპერტების მიერ დაგეგმილი სემინარები საქართველოს საბანკო სისტემაში რისკის მენეჯმენტთან დაკავშირებით დასავლური გამოცდილების დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს საფინანსო დაწესებულებებისათვის საკრედიტო რისკების ეფექტიანად მართვისა და მათი  მინიმიზების თვალსაზრისით.   სემინარზე „გერმანიის შემნახველი სალარო – ფინანსური ჯგუფის“ ექსპერტმა როჯერ ბუშერტმა (Roger Buschert) პრეზენტაცია საკრედიტო საქმიანობაში რისკის მენეჯმენტის შესახებ გამართა. გერმანელმა ექსპერტმა მსმენელებს, მის ქვეყანაში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, რისკის მენეჯმენტის ფაქტორები, ფაზები და გერმანიის შემნახველ სალარო „Sparkasse“-ში მოქმედი „ახალი“ ერთიანი რეიტინგის პრინციპები გააცნო. „ბანკი რეიტინგის საშუალებით სწავლობს კლიენტს, არკვევს როგორ უნდა მოიქცეს მასთან ურთიერთობაში და რა პირობებით შეიძლება გაიცეს კრედიტი. რადგან რეიტინგი მხოლოდ „სტატისტიკური მოდულია“ და არა საწარმოს განვითარების ანალიზი, ამდენად, კონკრეტული კლიენტის რეიტინგის შესწავლა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს მისთვის კრედიტის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას“, – აღნიშნა როჯერ ბუშერტმა.   გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულების (KFW) პროექტი „საკრედიტო ბანკების განვითარების სისტემა საქართველოსა და აზერბაიჯანში“ 2003 წლიდან ხორციელდება. 2005 წლის აპრილიდან ამ პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო და იგი 2006 წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტს KFW აფინანსებს და მასთან „გერმანიის შემნახველი სალაროს საერთაშორისო ურთიერთობათა ფონდი“ (Sparkasse Stiftung) თანამშრომლობს. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ბანკების ასოციაცია, „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“ და „სახალხო ბანკი“.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service