ENGLISH
 

30.08.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ავტოპარკის ნაწილი 20 591 ლარად გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კუთვნილი ავტოპარკის ნაწილის აუქციონზე რეალიზაციით  20 591  ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. აუქციონი, რომელშიც ძველი რუსული ავტომანქანები იყიდებოდა, მოულოდნელად აქტიური კონკურენციის პირობებში ჩატარდა.     ეროვნული ბანკის სატენდერო კომისიამ მის საკუთრებაში არსებული 6 ავტომობილი – ხუთი  „გაზ-31029“ (გამოშვების წელი 1996) და ერთი „გაზ- 31-10“ (გამოშვების წელი 1999) აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოიტანა. აუქციონის პირობები და საწყისი ფასი წინასწარ გამოქვეყნდა პრესასა და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ-წარმომადგენლობის საიტზე.   30 აგვისტოს გამართულ აუქციონზე 6 ავტომობილის შესაძენად 21 განაცხადი შემოვიდა. განსაკუთრებით ზოგიერთი ტაქსოპარკის მხრიდან მძაფრი კონკურენციის გამო, ეროვნული ბანკის ბალანსზე არსებული ავტომობილების საბოლოო სარეალიზაციო ღირებულებამ საწყის ფასს თითქმის 2-ჯერ გადააჭარბა. ავტომობილების მინიმალურმა სარეალიზაციო ფასმა 3 122 ლარი, ხოლო მაქსიმალურმა 3 856, 50 ლარი შეადგინა. კუთვნილი ავტოპარკის ნაწილის გაყიდვით ეროვნულმა ბანკმა 20 591 ლარი მიიღო, რომელიც „სააუქციონო კომისიის დებულების“ თანახმად ეროვნული ბანკის შემოსავლებში მიიმართა.       ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ღლონტის განცხადებით, ეროვნული ბანკი თავის ბალანსზე არსებული უკვე მოძველებული მატერიალური აქტივების რეალიზაციას მომავალშიც მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს, რითაც ტენდერში მაღალი კონკურენციის პირობების შექმნასა და საბოლოოდ მაქსიმალური შემოსავლის მიღებას შეეცდება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service