ENGLISH
 

08.07.2014   ბეჭდვა
ქართულ ფულს - ლარს თავისი სიმბოლო აქვს

დღეიდან ქართულ ეროვნულ ვალუტას - ლარს თავისი სიმბოლო აქვს. საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ პრეზენტაციაზე ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ვალუტის გამარჯვებული სიმბოლო საზოგადოებას წარუდგინა და მისი ავტორი პროფესიით, მხატვარ-კერამიკოსი მალხაზ შველიძე გააცნო. ხოლო გამარჯვებული კონცეფციის თანაავტორებს კი შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

„რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბანკის ინიციატივით, შეიქმნა ლარის სიმბოლოს შესარჩევი კომისია, რომელმაც გამოაცხადა კონკურსი სიმბოლოს შექმნაზე. კომისიაში ჩართულები იყვნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. კომისიის მუშაობა იყო საკმაოდ გამჭვირვალე, ამავე დროს ვცდილობდით გაგვეზომა საზოგადოების დაინტერესებული ნაწილის განწყობები ამ პროცესისადმი. ჩვენ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ ეს პროცესი უკვე  დასრულებულია. დღეს ეროვნულ ვალუტას - ქართულ ლარს  უკვე საკუთარი სიმბოლო აქვს. ასევე მინდა განვაცხადო, რომ საქართველოში აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენი ქვეყანა უარს იტყვის საკუთარი მონეტარული პოლიტიკის წარმოებაზე და შესაბამისად უარს ვიტყვით საკუთარ ვალუტაზე. ეს იქნება დღე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროზონაში გაწევრიანდება. ეს არის ბოლო სტადია ევროინტეგრაციის პროცესისა, რომელიც გამოხატულია ჩვენი მოსახლეობის ნებით. მაგრამ მანამდე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ისევე როგორც აქამდე, საკუთარი ვალუტის პოპულარიზაციისთვის და შემდგომი ნდობის განმტკიცების თვალსაზრისით. მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს  ქართულ ლარს 20 წლის იუბილე აქვს და ამ მიმართულებითაც ჩვენ ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი, რომელზეც მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
 
ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა. შეიქმნა დროებითი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ეროვნული ბანკის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისა და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები.

კომისიამ გამარჯვებული სიმბოლოს გამოვლენისას პრიორიტეტი ქართული მხედრული დამწერლობიდან ერთ თაღიანი „ლასი-სთვის“ ორი  ვერტიკალური ხაზის არასრულად ჩამოსმის კონცეფციით წარმოდგენილ ნიმუშებს მიანიჭა და შემდეგ კრიტერიუმებზე გაამახვილა ყურადღება: კონცეფცია, დიზაინი, შესაბამისობა ქართულ დამწერლობასთან, სიმბოლოზე ვალუტის აღმნიშვნელი ელემენტების არსებობა, ხელით ადვილად მოხაზვის შესაძლებლობა, ასევე კონკურსის წესებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და რეკომენდაციების დაცვა.

მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გამარჯვებული ნიმუშის გამოვლენამდე ლარის სიმბოლოს შესარჩევმა დროებითმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შერჩევის პროცესში აქტიურად ჩაერთო დაინტერესებული საზოგადოებაც. ინტერნეტ გამოკითხვას, რომელიც სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა და მნიშვნელოვნად დაეხმარა ლარის სიმბოლოს შესარჩევ კომისიას გამარჯვებული ნიმუშის გამოვლენაში.

ლარის სიმბოლო ეფუძნება ქართული ერთ თაღიანი ასო „ლასის“ გრაფიკულ მოხაზულობას. მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, სხვადასხვა სიმბოლოს შემთხვევაში ვალუტის დასახელების პირველი სიმბოლო გადახაზულია ერთი ან ორი პარალელური ხაზით. აღსანიშნავია, სხვადასხვა ვალუტების სიმბოლოების შემთხვევებში პარალელური ხაზების დამატება ემსახურება მხოლოდ ასო-ნიშნის სიმბოლოდ გარდასახვას. ლარის აღმნიშვნელ სიმბოლოში კი ქართული „ლასის“ ვერტიკალური ორი ხაზი ასოს ორგანული ნაწილია. ასევე, სიმბოლოს აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს „ლასის“ ეგრეთწოდებული ფეხი, რომელიც ჰორიზონტალური ხაზითაა წარმოდგენილი და ზედა დინამიურ რკალს მონუმენტალურ სტატიკას სძენს. დიზაინში ასო-ნიშნის მოხაზულობა გარკვეულწილად სილუეტითა და სიმბოლური დატვირთვით განზრახ ტრანსფორმირებულია, რაც გააადვილებს მისი, როგორც ვალუტის აღმნიშვნელ სიმბოლოდ აღქმას და მის დამკვიდრებას.

ქართული ფულის – ლარის სიმბოლოს შემოღება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, სიმბოლოს პოპულარობა გაზრდის ცნობადობას საზოგადოებაში და შესაბამისად დადებითად აისახება ქართული ფულის იმიჯზე.

ლარის სიმბოლოს გამოყენება უფრო პრაქტიკულს გახდის ქართული ფულის რიცხვით მნიშვნელობასთან მითითების პროცესს, როგორც ქაღალდზე წერისას, ასევე კომპიუტერზე სხვადასხვა შრიფტების გამოყენებით ბეჭდვისას. ამგვარი სიმბოლოს შემოღებით ასევე ამაღლდება ეროვნული ვალუტის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა.

ხოლო რაც შეეხება, სხვადასხვა საერთაშორისო ელექტრონულ სისტემებში თავსებადობის საკითხს, კერძოდ კი უნიკოდის სიმბოლოთა სტანდარტში რეგისტრაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნულ ბანკს დახმარება უკვე აღუთქვეს და ლარის სიმბოლოს რეგისტრაციის პროცესი  უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ლარის სიმბოლოსთან დაკავშირებული ყველა მასალა და ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=630 . სწორედ აღნიშნული მისამართიდან იქნება შესაძლებელი დაინტერესებული პირებისათვის სიმბოლოს ვექტორული ფაილის მიღება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service