ENGLISH
 

01.09.2005   ბეჭდვა
დეპოზიტების ზრდის განსაკუთრებით მაღალი ტემპი ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირდა

ივლისში ფიზიკური და იურიდიული პირების სალარე დეპოზიტების მოცულობა, ივნისის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, 31%-ით გაიზარდა, რაც 2005 წლის განვლილ შვიდ თვეში რეკორდულად მაღალია. სალარე დეპოზიტების მატების ტემპი ივნისში, მაისის მონაცემთან შედარებით, 13%-ს შეადგენდა. უცხოურ ვალუტაში მოზიდული ამავე სახის დეპოზიტების მოცულობა ივნისის მაჩვენებლებთან მიმართებაში მხოლოდ 6%-ით არის გაზრდილი.    საბანკო სისტემის ბოლოდროინდელი სტატისტიკა ლარში დეპოზიტების მატების ტენდენციას და შესაბამისად, ეროვნული ვალუტისადმი ნდობის ამაღლებას ადასტურებს. ამასთან, როგორც გასული, ასევე მიმდინარე წლის საანალიზო პერიოდებში ეროვნულ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტების მთლიან მოცულობაში მოთხოვნამდე დეპოზიტების დიდი წილის მიუხედავად, ვადიანი დეპოზიტების ოდენობა, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს მიანიშნებს, რომ ეროვნული ვალუტა საანგარიშსწორებო ფუნქციასთან ერთად დანაზოგების შენახვის თვალსაზრისითაც თანდათან უფრო მიმზიდველი ხდება.   მიმდინარე წლის შვიდ თვეში  საქართველოს საბანკო სისტემაში ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში მოზიდული ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ 669 მლნ ლარი შეადგინა, რაც 47%-ით აღემატება შარშანდელ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირების დეპოზიტები კომერციული ბანკების მთლიანი სადეპოზიტო ვალდებულებების, დაახლოებით, 60%-ია.  ამასთან, საანალიზო პერიოდში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში მოზიდული  დეპოზიტების ზრდის ტემპმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტების ოდენობას. კერძოდ, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში მოზიდული ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა მიმდინარე წლის შვიდი თვის მაჩვენებლების მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 240%-ით გაიზარდა და 81 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში მოზიდული ამავე სახის დეპოზიტების მოცულობას, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 36%-ით გაიზარდა და 588 მლნ ლარს გაუტოლდა.   აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დეპოზიტების მოცულობა საპროცენტო განაკვეთების უცვლელობის პირობებში იზრდება. როგორც შარშან, ასევე წელსაც, საპროცენტო განაკვეთი ვადიან დეპოზიტებზე, საშუალოდ, 9-10%-ს შეადგენს, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტებზე – 3%-ს.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის შეფასებით, აღნიშნულ შედეგს რამდენიმე მიზეზი აქვს – სტაბილური ლარი, დაბალი ინფლაცია, ინვესტიციების ზრდა და საბანკო სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service