ENGLISH
 

01.09.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია SWIFT-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია, ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ღლონტის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს SWIFT-ის (საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა) ყოველწლიურ კონგრესსა და გამოფენა Sibos-ში, რომელსაც 4-9 სექტემბერს კოპენჰაგენი (დანია) უმასპინძლებს. კონგრესის მონაწილეები განიხილავენ მსოფლიო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად შემუშავებულ SWIFT-ის  სტრატეგიებსა და მსოფლიო ეკონომიკური თანამეგობრობის მიერ ამ კუთხით ტრანსფორმაციის მიღწევის საკითხს.   გამოფენაზე კლიენტების მომსახურების სერვისსა და დანახარჯების შემცირების ნიშნით უახლოეს მიღწევებსა და ახალ ტექნოლოგიებს 200-მდე საფინანსო ინსტიტუტი წარმოადგენს. კოპენჰაგენში SWIFT-ის  ყოველწლიურ შეხვედრას საბანკო-საფინანსო სექტორის 5000-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ღლონტის განცხადებით, ეროვნულ ბანკში ახალი საკლირინგო სისტემა ინერგება. ამ საკითხთან დაკავშირებით 5 სექტემბერს დაგეგმილია შეხვედრა SWIFT-ის  რეგიონულ მენეჯერ სტივენ პალსტერმანთან, რომელზეც მხარეები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებულ თემატიკას განიხილავენ, კერძოდ, საუბარი იქნება ფასების დაანგარიშებასა და კლირინგის სისტემის დანერგვის მეთოდოლოგიების განსაზღვრაზე.   საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა SWIFT-ში მსოფლიოს 200 ქვეყნის 7500 საფინანსო დაწესებულება არის ჩართული. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნულ სისტემაში 1996 წლიდან გაწევრიანდა. ამჟამად SWIFT-ის მომსახურებით სარგებლობს საქართველოს 19 კომერციული ბანკი, რომელთა მიერ გადარიცხვები ინდივიდუალურ რეჟიმში ხორციელდება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service