ENGLISH
 

02.09.2005   ბეჭდვა
საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 16%-ით გაიზარდა

საბანკო სექტორის მთლიანი აქტივების მოცულობის სოლიდურ წილს, დაახლოებით 60%-ს, სესხები წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ დავით ამაღლობელის ინფორმაციით, იმის გამო, რომ წლის დასაწყისიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდის ტემპმა მნიშვნელოვნად, 93.3%-ით გადააჭარბა უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდის ტემპს (23.8%), სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან 6.4%-ით, ანუ 85.7%-დან 79.3%-მდე  შემცირდა.   ამასთან, საბანკო სისტემა ეკონომიკის დაკრედიტებას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალი საპროცენტო განაკვეთით ახდენდა.  მიმდინარე წლის ივლისში საბანკო სისტემის მიერ ეროვნული ვალუტით სესხების გაცემა, საშუალოდ, 20.7%-იანი განაკვეთით ხდებოდა, რაც 6.4%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით. თუმცა, იურიდიული პირებისათვის გაცემული კრედიტების განაკვეთები ფიზიკური პირებისათვის გაცემული სესხების განაკვეთებზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო და, საშუალოდ, წლიური 17.7% შეადგინა.   3.2%-ით, ანუ 16.7%-მდე შემცირდა უცხოური ვალუტით დაკრედიტების განაკვეთები. ამ შემთხვევაშიც, იურიდიული პირებისათვის გაცემული სესხები შედარებით დაბალი განაკვეთით, საშუალოდ, 15.2%-მდე გაიცემოდა.   ბოლო დროს საბანკო ბაზარზე კონსოლიდაციის პროცესის შედეგად მყარად ჩამოყალიბდა დიდი ბანკების ჯგუფი, რომელიც ექვს ბანკს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის 1-ლი აგვისტოსათვის საქართველოში ფუნქციონირებდა 20 ბანკი, საბანკო სექტორის მთლიანი აქტივების 83% და დეპოზიტების 85% კონცენტრირებული იყო დიდი ბანკების ჯგუფში, რომელთაგან თითოეული საბანკო სექტორის აქტივების 5%-ზე მეტს ფლობდა.   საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდა, ძირითადად, განაპირობეს დიდმა ბანკებმა, რომელთა ფინანსური სიჯანსაღე, ფაქტობრივად, განსაზღვრავდა კიდეც საბანკო სექტორის სტაბილურობას.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service