ENGLISH
 

05.09.2005   ბეჭდვა
საერთაშორისო რეზერვების მართვიდან მიღებულმა შემოსავალმა 7თვეში, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 226%-ით მოიმატა

მიმდინარე წლის შვიდ თვეში საერთაშორისო რეზერვების მართვიდან მიღებულმა  შემოსავლებმა 10.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 226%-ით აღემატება 2004 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2004 წელს საერთაშორისო რეზერვების მართვიდან მიღებულმა შემოსავალმა 9 მლნ ლარი შეადგინა. შვიდი თვის მონაცემებით, ამავე პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 423.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის საანალიზო  პერიოდის მაჩვენებელს 49%-ით აღემატება.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის პროგნოზით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობის განსაკუთრებულად   მაღალი ზრდის  ტენდენცია მოსალოდნელია 2005 წლის დარჩენილ პერიოდში, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და დონორი ქვეყნებიდან გრანტების მიღებაა ნავარაუდევი. მისი თქმით,  საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვის შედეგად მიღებული შემოსავალი მიმდინარე წლის ბოლომდე დაახლოებით  20 მლნ ლარამდე გაიზრდება.   საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს საერთაშორისო ბაზარზე ოპერაციების განსახორციელებლად, საინვესტოციო პორტფელში ცვლილებების დასარეგულირებლად და საგარეო ვალის მომსახურების მიზნით იყენებს.    საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების კალათა ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: 70% - აშშ დოლარი, 30% - ევრო.   დავით ამაღლობელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. მათგან მნიშვნელოვანია სავალუტო რისკების დივერსიფიკაცია და რეზერვების მართვით მიღებული შემოსავლების ზრდა. ამასთან, რეზერვების გადანაწილების პროპორცია მოსახერხებელი უნდა იყოს იმისათვის, რომ ქვეყანა შეუფერხებლად მოემსახუროს საგარეო ვალებს, რაც ძირითადად აშშ დოლარშია დენომინირებული. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები  ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის უმაღლესი კატეგორიის ბანკებში დეპოზიტებზე და ასევე, სხვადასხვა ფასიან ქაღალდებშია   განთავსებული.   ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ფორმირების ათვლის წერტილად 1994 წლის 20 დეკემბერი, ანუ ის პერიოდი მიიჩნევა, როდესაც საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან სისტემური ტრანსფორმაციის კრედიტის სახით პირველი ტრანში მიიღო, 40 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.   ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების  დინამიკა ასეთია: 2000 წელი – 109.4 მლნ. დოლარი 2001 წელი – 159.3 მლნ. აშშ დოლარი 2002 წელი – 197.7 მლნ. აშშ დოლარი 2003 წელი – 190.7 მლნ.აშშ დოლარი 2004 წელი – 382.8 მლნ. აშშ დოლარი 2005 წლის 7 თვის მონაცემებით – 423.6 მლნ. აშშ დოლარი
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service