ENGLISH
 

05.09.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ კოპენჰაგენში (დანია) გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ, რომელსაც ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ღლონტი ხელმძღვანელობდა, კოპენჰაგენში (დანია) 4-5 სექტემბერს გამართული კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი SWIFT-ის (საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა) ეგიდით ჩატარდა და ამ თავყრილობას აღნიშნული სისტემის 140 წევრი-ქვეყნის თავმჯდომარე დაესწრო.   კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ის ცვლილებები, რაც SWIFT-ში ბოლო წლებში მსოფლიო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა. მონაწილეებმა მოისმინეს SWIFT-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის იაპ კამპისა და აღმასრულებელი დირექტორის ლეონარდო შრანკის გამოსვლები. ფორუმზე შეფასდა გასული წლის შედეგები. აღინიშნა, რომ 2004 წელს SWIFT-ის გამოყენების დონე გაიზარდა, ხოლო მისი მომსახურების ფასებმა  დაიწია.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ღლონტის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, დსთ-ის (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) ქვეყნების ხელმძღვანელთა შეკრება გაიმართა, სადაც რეგიონისთვის აქტუალური თემატიკა იქნა განხილული, მათ შორის, SWIFT-ის ახალ სისტემებზე გადასვლისათვის მზადების საკითხები.   საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა SWIFT-ში მსოფლიოს 200 ქვეყნის 7500 საფინანსო დაწესებულება არის ჩართული. მასში საქართველოს ეროვნული ბანკი 1996 წლიდან გაწევრიანდა. ამჟამად SWIFT-ის მომსახურებით სარგებლობს საქართველოს 19 კომერციული ბანკი, რომელთა მიერ გადარიცხვები ინდივიდუალურ რეჟიმში ხორციელდება
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service