ENGLISH
 

30.12.2013   ბეჭდვა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2013 წელი, III კვარტალი)

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია“, შესაბამისად.

2013 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 92.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.5-ჯერ ნაკლებია. მესამე კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მესამე კვარტლის მშპ-სთან ფარდობამ 2.2 პროცენტი შეადგინა, რაც ისტორიული მინიმუმია.  2013 წლის სამი კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესაბამისი პერიოდის მშპ-სთან ფარდობამ კი 4.8 პროცენტი შეადგინა.

წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 236.6 მლნ აშშ დოლარით (25.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 75.4 მლნ აშშ დოლარით (3.6 პროცენტით) შემცირდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი შემცირდა და 843.3 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი) შეადგინა. აღნიშნული 27.0 პროცენტით ნაკლებია 2012 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.

მომსახურების ბალანსი ტრადიციულად დადებითი იყო და 494.6 მლნ აშშ დოლარს (820.8 მლნ ლარს) შეადგენდა. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 950.6 მლნ აშშ დოლარია (1.6 მლრდ ლარი), რაც 20.2 პროცენტით მეტია 2012 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, ხოლო მომსახურე¬ბის იმპორტი - 455.9 მლნ აშშ დოლარი, (756.6 მლნ ლარი) – 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით.

მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (516.6 მლნ აშშ დოლარი ანუ 857.3 მლრდ ლარი), რომელიც 2013 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.5 პროცენტით გაიზარდა.

შემოსავლების ბალანსის უარყოფითმა სალდომ 2013 წლის მესამე კვარტალში 112.6 მლნ აშშ დოლარი (186.9 მლნ ლარი) შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 235.7 მლნ აშშ დოლარი (391.2 მლნ ლარი) 8.6 პროცენტით ნაკლებია 2012 წლის მესამე კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტმა კი 348.3 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 23.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე ტრანსფერები 369.0 მლნ აშშ დოლარს (612.4 მლნ ლარს) შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით მეტია. აქედან, 402.4 მლნ აშშ დოლარი (667.8 მლნ ლარი) მიღებული, ხოლო 33.3 მლნ აშშ დოლარი (55.3 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერებია. 2013 წლის მესამე კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 19.8 პროცენტით, ხოლო სხვა სექტორებისა - 15.8 პროცენტით გაიზარდა.

კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ ამავე პერიოდში 36.9 მლნ აშშ დოლარი (61.2 მლნ ლარი) შეადგინა.

წმინდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, 272.1 მლნ აშშ დოლარს (451.6 მლნ ლარს) შეადგენდა1. ამავდროულად, საქართველოში განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციები მოცემულ პერიოდში 270.8 მლნ აშშ დოლარს (449.4 მლნ ლარს) გაუტოლდა, რაც 36.1 პროცენტით მეტია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოში განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციები წარმოდგენილია შემდეგი სახით: სააქციო კაპიტალმა შეადგინა მთლიანი ინვესტიციის 40.2 პროცენტი, რეინვესტირებულმა შემოსავალმა  51.9 პროცენტი,  ხოლო სხვა კაპიტალმა 7.9 პროცენტი. 

პორტფელის ინვესტიციების სალდომ -73.8 მლნ აშშ დოლარი (-122.5 მლნ ლარი) შეადგინა. პორტფელური ინვესტიციების აქტივები შემცირდა 3.1 მლნ აშშ დოლარით (5.1 მლნ. ლარით), ხოლო ვალდებულებები - 76.9 მლნ აშშ დოლარით (127.6 მლნ ლარით).

სხვა ინვესტიციების სალდო 2013 წლის მესამე კვარტალში -76.1 მლნ აშშ დოლარს (-126.3 მლნ ლარს) შეადგენდა. კვარტალის განმავლობაში აქტივები შემცირდა 12.6 მლნ აშშ დოლარით (21.0 მლნ ლარით), რაც დეპოზიტებისა და სავაჭრო კრედიტების შემცირებით იყო განპირობებული; ამავდროულად, ვალდებულებები 88.7 მლნ აშშ დოლარით (147.2 მლნ ლარით) შემცირდა სესხების და დეპოზიტების შემცირების გამო. მოცემულ პერიოდში სხვა ინვესტიციების ვალდებულებეში სავაჭრო კრედიტები 76.2 მლნ აშშ დოლარით (126.5 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო სესხები 119.1 მლნ აშშ დოლარით (197.7 მლნ ლარით) და დეპოზიტები 45.3 მლნ აშშ დოლარით (75.1 მლნ ლარით) შემცირდა.

სარეზერვო აქტივები 2013 წლის მესამე კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 63.8 მლნ აშშ დოლარით (105.9 მლნ ლარით) გაიზარდა და 3.1 მლრდ აშშ დოლარი (5.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 3.7 თვის იმპორტს უზრუნველყოფს.

__________________________________

1 უცხოური პირდაპირი ინვესტიციები განსხვავდება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან. აღნიშნული მონაცემები, როგორც წესი, იზრდება წლიური გამოკვლევის შემდეგ, რადგან ხდება კვარტალური მოგება-ზარალის დაზუსტება. საგადასახდელო ბალანსში მოცემული მონაცემები წინასწარ შესწორებულია აღნიშნული ეფექტის გათვალისწინებით, რაც ასევე თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის ROSC-ის მისიის რეკომენდაციასთან. წლიური გამოკვლევის შემდეგ, როდესაც დაზუსტდება უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მონაცემები, საგადასახდელო ბალანსის მონაცემები კვლავ შესაბამისობაში მოვა საქსტატის მონაცემებთან.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service