ENGLISH
 

27.12.2013   ბეჭდვა
გიორგი ქადაგიძის პრესკონფერენცია

ეროვნული ბანკის 2013 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. გიორგი ქადაგიძემ მედიას ეროვნული ბანკის მიერ ბოლო დროს გატარებული რეფორმები გააცნო. ისაუბრა ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც 2013 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდნენ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე. ასევე მიმოიხილა  საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა.

საბანკო სექტორი
2013 წლის განმავლობაში საბანკო სექტორი სტაბილურ და ჯანსაღ განვითარებას განაგრძობდა. ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოფილია, როგორც მიმდინარე ისე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.  წლის განმავლობაში დეპოზიტები 25%-ით გაიზარდა, მათ შორის ლარით დეპოზიტები 50%-ით. დეპოზიტების ასეთი ზრდა საბანკო სისტემისა და საბანკო სექტორის მიმართ მაღალ ნდობაზე მიუთითებს. სესხების ზრდა 15%-ის ფარგლებშია. სულ წლის განმავლობაში ბანკების აქტივები 18%-ით გაიზარდა და 17 მილიარდ ლარს მიაღწია.

არასაბანკო სექტორი
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა ფინანსური ბაზრების კიდევ ერთი მიმართულება - მიკროსაფინანსო სექტორი, რომელთა მთლიანმა ჯამურმა აქტივებმა 800 მილიონ ლარს მიაღწია. შესაბამისად გაიზარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებელთა რიცხვიც. სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი ცდილობს ყურადღება მიაქციოს ამ ორგანიზაციების მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხს. გასულ წელს ამ მიმართულებით ორი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა: 

 კომერციული ბანკების მსგავსად, მიკროსაფინასნო ორგანიზაციებსაც განესაზღვრათ რეფინანსირების განაკვეთის მაქსიმალური 2%-იანი ზღვარი. 
 • მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოეთხოვათ კლიენტებთან ხელშეკრულების სტანდარტიზაცია, რაც გულისხმობს ხელშეკრულების პირველ გვერდზე გარიგების ყველა მნიშვნელოვანი პუნქტის გამოტანას და გარიგების საგანთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დაანგარიშებას.

მაკროეკონომიკა
ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტად კვლავ რჩება ლარიზაცია. მიმდინარე წელს სესხების მთლიან პორტფელში დოლარით გაცემული სესხების მაჩვენებელი 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ქართულ საბანკო სივრცეში ფიზიკური პირების სესხების მთლიანი მაჩვენებლის ნახევარზე მეტი კი უკვე ლარშია დენომინირებული.
 
წლის განმავლობაში გრძელდებოდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება. გაიზარდა ხელმისაწვდომობა გრძელვადიან ლარით დენომინირებულ იპოთეკურ და ბიზნეს სესხებზე. საბაზო საპროცენტო განაკვეთები იპოთეკურ სესხებზე 8%-მდე, ხოლო ბიზნეს სესხებზე 9%-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი ისტორიულად ყველაზე დაბალია საქართველოსთვის.

წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთი 150 საბაზისო პუნქტით შემცირდა 3.75%-მდე, რომელიც ისტორიულად ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოსთვის. ასევე ეროვნულმა ბანკმა გააფართოვა მონეტარული ოპერაციებისთვის გირაოს ბაზა, რამაც გაზარდა საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობა.

ფინანსურ ბაზარზე ეროვნული ბანკის ხელშეწყობით დაინერგა ახალი პროდუქტები - საცალო სადეპოზიტო სერტიფიკატები და ცვალებადი განაკვეთის მქონე სესხები.

ლარის კურსი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის ოფიცილური გაცვლითი კურსის შესახებ დეტალური ანალიზი გააკეთა. მისი თქმით, წლის ბოლოს გაიზარდა კურსის მერყეობა, თუმცა მისი მოძრაობის ამპლიტუდა 2013 წლის განმავლობაში გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე უფრო განვითარებული ფინანსური ბაზრების მქონე ქვეყნებში შეინიშნებოდა. საქართველო მომავალშიც შეინარჩუნებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს, რომელიც ყველაზე ოპტიმალური პირობაა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისთვის  და ზოგადად ეკონომიკის მაღალი და სტაბილური ზრდისათვის.

„პირველ ნახევარში იყო კურსის გამყარების მიმართულებით ზეწოლა, ჩვენ წლის პირველ ნახევარში სავალუტო ინტერვენციებით 550 მილიონი დოლარი შევიძინეთ, წლის მეორე ნახევარში გაიზარდა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა და ბაზარს 220 მილიონი დოლარი მივაწოდეთ; შევინარჩუნეთ მთლიანი საერთაშორისო რეზერვი 3 მილიარდის ფარგლებში, მიუხედავად იმისა რომ წლის განმავლობაში გადავიხადეთ სავალუტო ფონდის სესხი 380 მილიონი დოლარის ოდენობით, მათ შორის ეროვნული ბანკის წილი 240 მილიონი დოლარი იყო. ამის გათვალისწინებით წმინდა საერთაშორისო რეზერვი 300 მილიონ დოლარზე მეტად გაიზარდა. ეროვნული ბანკი ძირითადად დაასრულებს სავალუტო სესხის გადახდას 2014 წლის მესამე კვარტალში . 1994 წლიდან ეს იქნება პირველი წელი, როდესაც ეროვნულ ბანკს აღარ ექნება საგარეო ვალი“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ვალუტით ფინანსური ბაზრების განვითარება, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან განვითარებული ფინანსური ბაზრები ზრდის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას. ამ მიზნით ეროვნული ბანკი თანამშრომლობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომელიც მომავალი წლის პირველ ნახევარში გამოუშვებს პირველ მსხვილ, ლარით დენომინირებულ კორპორატიულ ობლიგაციას ადგილობრივ ბაზარზე.

პრესკონფერენციაზე გიორგი ქადაგიძემ ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მედიის წარმომადგენლებს ძირითადი მიზეზებიც განუმარტა:

„საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, შესაბამისად, კურსიც მცირედით იმოძრავებს ორივე მიმართულებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ინფლაციური წნეხის ნეგატიური ასახვა ფასების სტაბილურობაზე. თუკი ამის აუცილებლობა დადგება, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რათა საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 5%-თან ახლოს იყოს. კურსის ბოლოდროინდელ დინამიკაზე, სხვა ფაქტორებთან ერთად გავლენა ჰქონდა ერთი მხრივ, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გააქტიურებისა და იმპორტის ზრდას და მეორე მხრივ, ზამთრის სეზონის დაწყებამდე ტურისტული შემოდინებების დროებით შემცირებას. წინასწარი მონაცემებით მხოლოდ ნოემბერში იმპორტი 22%-ით არის გაზრდილი, ცნობისათვის ათი თვის მონაცემებით იმპორტი 3,8%-ით იყო შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ კურსი მომავალშიც ორივე მხარეს იმოძრავებს, ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანია ფასების სტაბილურობა და ინფლაციური წნეხის შეზღუდვა", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. მისი თქმით, ბოლო ორი წელია ინფლაციური წნეხი არ ყოფილა და პირიქით ეროვნული ბანკი ეკონომიკის სტიმულირებას ახდენდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რათა საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 5%-თან ახლოს იყოს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ კლასიკური საერთაშორისო  ნორმებით, ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ კურსის მოკლევადიან პროგნოზებს. „თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, თუკი გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკა გააგრძელებს უფრო მაღალი ტემპით ზრდას ვიდრე ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეალურ ეფექტურ კურსს გამყარების ტენდენცია ექნება. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არის თანმიმდევრული და მისი ინსტრუმენტები საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ანალოგიურია. ამას ადასტურებს როგორც სავალუტო ფონდის ასევე სარეიტინგო კომპანიების ანგარიშები. ამ მხრივ ეროვნული ბანკის პოლიტიკა და მიდგომები არ შეიცვლება, რაც ნიშანვს იმას, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე საფრთხეები არ არსებობს. მოსახლეობას გვინდა კიდევ ერთხელ ვურჩიოთ, არ აყვნენ სპეკულაციებს და დანაზოგების კონვერტაციასთან დაკავშირებით არ მიიღონ ემოციური, მოკლევადიანი ფაქტობრივი გარემოებებით განპირობებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 

საგადახდო სისტემები
წარმატებული იყო 2013 წელი საგადახდო სისტემების განვითარების კუთხითაც, რაზეც მეტყველებს მნიშვნელოვნად გაზრდილი ტრანზაქციები. კერძოდ, წლის განმავლობაში 13 მილიონი ტრანზაქცია განხორციელდა, საერთო თანხით - 130 მილიარდი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით  14%-ით მეტია.

ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქვეყანაში უნაღდო ანგარიშსწორების წახალისება. ვინაიდან უნაღდო ანგარიშსწორების განვითარების და მოხმარების დონე არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და პროგრესულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი. საგადახდო ბარათების რაოდენობა 2013 წლის ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 5,775,540 ცალს, 22%–ით მეტს – გასული წლის ნოემბრის თვესთან შედარებით. 2012 წლიდან დაიწყო და 2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ინოვაციური უკონტაქტო ბარათების გამოშვება, რამაც დააჩქარა საბარათე ტრანზაქციების დამუშავების დრო და შესაბამისად გაზარდა მომსახურების ხარისხი სავაჭრო ობიექტებში.

მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები, კერძოდ 2013 წლის იანვარ-ნოემბერში საგადახდო ბარათებით შესრულდა 62.0 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 7.9 მლრდ ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია რაოდენობრივად 18%–ით და თანხობრივად  15%–ით.

თანამედროვე საკასო ცენტრის სრული დატვირთვით ამოქმედებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და უფრო ეფექტური გახდა ნაღდი ფულის მიღების, გადათვლა-დახარისხების, შენახვის, ექსპერტიზის და განადგურების ოპერაციები.

ლარის სიმბოლოს პროექტი
2013 წელს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მუშაობა ლარის სიმბოლოს შემოღებასთან დაკავშირებით, რაც ხორციელდება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამ მიზნით შეიქმნა ლარის სიმბოლოს შესარჩევი დროებითი კომისია, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების შემადგენლობით. კონკურსი გამოცხადდა დღეს, 27 დეკემბერს და საკონკურსო წინადადების მიღება მოხდება ერთი თვის განმავლობაში, რის შემდგომ მოხდება გამარჯვებული ლარის სიმბოლოს გამოვლენა და შესაბამის საერთაშოროსო ორგანიზაციებში რეგისტრაცია.

ელექტრონული ხელმოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკი გამოდის ინიციატივით და ახორციელებს საქართველოს საბანკო სექტორში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის პროექტს. ელექტრონული ხელმოწერის პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს საბანკო სისტემაში ქაღალდზე შესრულებული ხელმოწერის ჩანაცვლებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვითა და ელექტრონული ხელმოწერით. ეს პროცესი, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო და პროგრესული სტანდარტია, მეორე მხრივ მომხმარებელს უმარტივებს კომერციულ ბანკთან ურთიერთობას: ამცირებს რიგებს, ზოგავს დროს.

რეფორმების ექსპორტი
გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს 13 ქვეყნის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომელთა უმრავლესობა საქართველოში მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით იმყოფებოდა.
 
სამომავლო პრიორიტეტები
პრესკონფერენციაზე გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ბანკის სამომავლო პრიორიტეტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით, კვლავაც იქნება ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ლარიზაციის ტემპის კიდევ უფრო გაზრდა, უნაღდო ანგარიშსწორების წახალისება და ფინანსური განათლების ხელშეწყობა.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service