ENGLISH
 

18.12.2013   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 3.75 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2013 წლის 18 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 3.75 პროცენტს შეადგენს.

ფასების დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზების შესაბამისად ვითარდება და როგორც მოსალოდნელი იყო, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2014 წლის ბოლოსთვის დაუახლოვდება. ნოემბერში მთლიანმა სფი ინფლაციამ 0.6% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით კი ფასები 0.5 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად სეზონურ პროდუქციაზე ფასების მატებით არის გამოწვეული. 

მეოთხე კვარტალში ეკონომიკური აქტივობის მცირეოდენი მატება შეინიშნება. წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 3.9 პროცენტი შეადგინა. ადგილობრივი მოთხოვნის მატებაზე მიუთითებს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებიც. წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში იმპორტის გამოცოცხლება შეინიშნებოდა და წინა წელთან შედარებით 22 პროცენტით გაიზარდა. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საგარეო მოთხოვნაც: ექსპორტის მოცულობის წლიურმა ზრდამ ნოემბერში 60 პროცენტი შეადგინა. მაღალ დონეზე ნარჩუნდება ასევე ფულადი გზავნილების შემოდინების ზრდის ტემპი - 12.6 პროცენტი, რაც ხელს უწყობს ერთობლივი მოთხოვნის დამატებით გააქტიურებას.

იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაცია მოსალოდნელი დინამიკის შესაბამისად იმატებს და გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა ხელს უწყობს მის დაახლოებას მიზნობრივ დონესთან საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს შერბილებულ მონეტარულ პოლიტიკას და პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და ინფლაციის პროგნოზის მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად ზრდის შემთხვევაში გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2014 წლის 12 თებერვალს გაიმართება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service