ENGLISH
 

30.09.2013   ბეჭდვა
საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2013 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -16,1 მლრდ აშშ დოლარი (-26.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 100.9 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 მლრდ აშშ დოლარით (2.2 მლრდ ლარით), ხოლო წინა კვარტალთან შედარებით - 176.7 მლნ აშშ დოლარით (291.7 მლნ ლარით) შემცირდა. 2013 წლის მეორე კვარტალის განმავლობაში ოპერაციული და საკურსო ცვლილებები უარყოფითი იყო, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებები - დადებითი. 2013 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საერთაშორისო აქტივები 5.8 მლრდ აშშ დოლარია (9.6 მლრდ ლარი). მათში 51.3 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია; 25.2 პროცენტი - სხვა ინვესტიციებს; 22.9 პროცენტი - პირდაპირ ინვესტიციებს საზღვარგარეთ; ხოლო 0.6 პროცენტს პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები შეადგენს. მთლიანი საერთაშორისო აქტივების 16.9 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების წილად მოდის; 5.9 პროცენტი სავაჭრო კრედიტებს უჭირავს; 2.1 პროცენტი - სესხებს. სარეზერვო აქტივები, 2012 წლის 30 ივნისთან შედარებით, 200.7 მლნ აშშ დოლარით (331.4 მლნ ლარით) გაიზარდა და 2013 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 3.0 მლრდ აშშ დოლარი (4.9 მლრდ ლარი) შეადგინა. სარეზერვო აქტივების მთლიანი წლიური ცვლილებიდან 201.0 მლნ აშშ დოლარი (331.9 მლნ ლარი) ოპერაციული ცვლილება იყო,  4.6 მლნ აშშ დოლარი( 7.6 მლნ ლარი) საკურსო ცვლილება, -4.9 მლნ აშშ დოლარი (-8.1 მლნ ლარი) - კი ფასის ცვლილება.

რაც შეეხება ვალდებულებებს, მეორე კვარტალის ბოლოს მთლიანმა ვალდებულებებმა 21.9 მლრდ აშშ დოლარი (36.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.0 მლრდ აშშ დოლარით (3.3 მლრდ ლარით) აღემატება. პირდაპირი ინვესტორე­ბისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.1 პროცენტით გაიზარდა და 11.4 მლრდ აშშ დოლარს (18.8 მლრდ ლარს) გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები ერთი წლის განმავლობაში 5.5 პროცენტით გაიზარდა და 2.0 მლრდ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი) შეადგინა. აქედან, 545.4 მლნ აშშ დოლარი (900.4 მლნ ლარი) - სამთავრობო ევრობონდებია, 596.9 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) -  საქართველოს რკინიგზის ობლიგაციები, ხოლო 261.9 მლნ აშშ დოლარი (432.0 მლნ ლარი) -  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები. აქ ასევე შედის სახაზინო ვალდებულებები და სახელმწიფო ობლიგაციები, რომელიც არარეზიდენტებმა შეიძინეს, სულ - 96.0 მლნ აშშ დოლარი (158.6 მლნ ლარი).

სხვა ინვესტიციების წლიურმა ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა და 8.6 მლრდ აშშ დოლარს (14.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა. მასში 6.7 მლრდ აშშ დოლარი (11.0 მლრდ ლარი) სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები წლის განმავლობაში 55.3 პროცენტით შემცირდა და 217.7 მლნ აშშ დოლარი (359.3 მლნ ლარი) შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები წლიურად 9.1 პროცენტით გაიზარდა, გრძელვადიანი ვალდებულებების ზრდის ხარჯზე. წლიურად 21.7 პროცენტით არის გაზრდილი სხვა სექტორების სასესხო ვალდებულებები და 2013 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 1.8 მლრდ აშშ დოლარს  (2.9 მლრდ ლარს) უტოლდება. 3.7 პროცენტით არის შემცირებული საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2013 წლის ივნისის ბოლოს 1.3 მლრდ აშშ დოლარს (2.1 მლრდ ლარი) უტოლდება. აღნიშნული შემცირება ძირითადად განპირობებულია საბანკო სექტორის მოკლევადიანი ვალდებულებების საგრძნობი კლებით. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 37.7 პროცენტით გაიზარდა და 906.6 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი) შეადგინა.

2013 წლის ივნისის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 216.5 მლნ აშშ დოლარი (357.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service