ENGLISH
 

30.09.2013   ბეჭდვა
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2013 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 13.4 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 84.3 პროცენტია; აქედან, 4.1 მლრდ აშშ დოლარი (6.8 მლრდ ლარი) იყო სამთავრობო სექტორის ვალი, 435.7 მლნ აშშ დოლარი (719.3 მლნ ლარი;) - ეროვნული ბანკის, 2.5 მლრდ აშშ დოლარი (4.1 მლრდ ლარი;) - საბანკო სექტორის, 3.3 მლრდ აშშ დოლარი (5.5 მლრდ ლარი;) - სხვა სექტორების და 3.0 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი) - კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 93.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

2013 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 45.8 მლნ აშშ დოლარით (75.6 მლნ ლარით) შემცირდა, აქედან ვალი შემცირდა ფასის ცვლილებების გამო 35.7 მლნ აშშ დოლარით (59.0 მლნ ლარით), ოპერაციული ცვლილებების გამო 30.4 მლნ აშშ დოლარით (59.0 მლნ ლარით), სხვა ცვლილებების გამო 11.9 მლნ აშშ დოლარით (19.8 მლნ ლარით), ხოლო საკურსო ცვლილებების გამო ვალი 32.2 მლნ აშშ დოლარით (53.1 მლნ ლარით) გაიზარდა.

სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 101.4 მლნ აშშ დოლარით (167.3 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან ვალი შემცირდა ოპერაციული ცვლილებების შედეგად 111.8 მლნ აშშ დოლარით (184.5 მლნ ლარით) და ფასის ცვლილების გამო 4.3 მლნ აშშ დოლარით (7.0 მლნ ლარით), ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად ვალი 14.6  მლნ აშშ დოლარით (24.2 მლნ ლარით) გაიზარდა.  

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 64.5 მლნ აშშ დოლარით (106.5 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების შედეგად ეროვნული ბანკის ვალდებულებები 66.3 მლნ აშშ დოლარით (109.4 მლნ ლარი) შემცირდა და საკურსო ცვლილებების შედეგად - 1.7 მლნ აშშ დოლარით (2.8 მლნ ლარი) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორის უცხოური ვალდებულებები 134.5 მლნ აშშ დოლარით (221.9 მლნ ლარით) გაიზარდა, რაც გამოწვეულია ოპერაციული ცვლილებების გამო 128.2 მლნ აშშ დოლარითა (211.6 მლნ ლარით) და საკურსო და ფასის ცვლილებების გამო 5.1 და 1.1 მლნ აშშ დოლარით (8.4 და 1.9 მლნ ლარი შესაბამისად) ზრდით. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მეორე კვარტალში საბანკო სექტორის ვალდებულებების ზრდის 69.4 პროცენტი ბანკების მოკლევადიან ვალდებულებებზე მოდის.

სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები 48.0 მლნ აშშ დოლარით (79.2 მლნ ლარით) შემცირდა, აქედან 71.0 მლნ აშშ დოლარით (117.1 მლნ ლარი) შემცირდა არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულე­ბები, ხოლო არასაბანკო საფინანსო კორპორაციების ვალდებულებები 23.0 მლნ აშშ დოლარით (37.9 მლნ ლარი) გაიზარდა. სხვა სექტორების საგარეო ვალი შემცირდა ფასის ცვლი­ლებების შედეგად - 32.6 მლნ აშშ დოლარით (53.8 მლნ ლარით), სხვა და ოპერაციული ცვლილებების გამო, შესაბამისად, - 12.1 მლნ აშშ დოლარით და 10.4 მლნ აშშ დოლარით (შესაბამისად 19.9 და 17.1 მლნ ლარით), ხოლო საკურსო ცვლილებების გამო სხვა სექტორების საგარეო ვალი 7.1 მლნ აშშ დოლარით (11.7 მლნ ლარით) გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 33.6 მლნ აშშ დოლარით (55.5 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან ოპერაციული ცვლილებების შედეგად ზრდამ 29.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (49.4 მლნ ლარი), ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების შედეგად,  შესაბამისად, 3.6 და 0.2 მლნ აშშ დოლარი  (6.0 და 0.3 მლნ ლარი).

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულე­ბების მოცულობა 25.4 მლნ აშშ დოლარით (41.8 მლნ ლარი) შემცირდა და 12.6 მლრდ აშშ დოლარი (20.8 მლრდ ლარი) შეადგინა, ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობა 20.5 მლნ აშშ დოლარით (33.8 მლნ ლარი) შემცირდა და 851.2 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი) შეადგინა.

საგარეო ვალის სტატისტიკის წარმოება საქართველოში 2007 წლიდან დაიწყო. დღემდე კვარტალური მონაცემები მთლიანი საგარეო ვალის შესახებ ეროვნული ბანკის საიტზე ხელმისაწვდომი იყო 2006 წლის 31 დეკემბრიდან. მომხმარებელთა ინტერესების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა მთლიანი საგარეო ვალის მონაცემები ხელმისაწვდომი გამხდარყო უკვე 1999 წლის 31 დეკემბრიდან, კერძოდ გაფართოებულიყო ძირითადი ცხრილი (SV1), სადაც მოცემულია მთლიანი საგარეო ვალი ეკონომიკის სექტორებისა და სავალო ინსტრუმენტების ჭრილში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service