ENGLISH
 

25.09.2013   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 3.75 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2013 წლის 25 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 3.75 პროცენტს შეადგენს.
 
აგვისტოში მთლიანმა წლიურმა სფი ინფლაციამ -0.4% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასები არ შეცვლილა. ფასების დინამიკაზე უმთავრესად გავლენა მოახდინა ხილისა და ბოსტნეულის სეზონურმა გაიაფებამ. მნიშვნელოვანი იყო ასევე საბაზო ეფექტი. სექტემბერში მოსალოდნელია წლიური ინფლაციის შემდგომი შემცირება, რაც მიწოდების მხარეს არსებული დროებითი ფაქტორებით იქნება განპირობებული. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია წლის განმავლობაში დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება და მიზნობრივ დონეს 2014 წლის ბოლოს დაუბრუნდება. 

შერბილებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა კვლავ მოკრძალებულ დონეზეა. სესხების მოსალოდნელზე დაბალი ზრდის შედეგად ერთობლივი მოთხოვნა შესუსტებული რჩება. 

დადებითი ტენდენციები შეინიშნება საგარეო სექტორში. ადგილობრივ მოთხოვნას გარკვეულწილად წახალისებას უწევს ფულადი გზავნილები უცხოეთიდან, რომლის ზრდის ტემპმა აგვისტოში 11.2% შეადგინა. აღსანიშნავია ასევე ტურიზმიდან შემოსავლების მატებაც. მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საექსპორტო სექტორის ზრდა, რაც ერთობლივი მოთხოვნის დამატებით სტიმულირებას განაპირობებს. 

კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ ეროვნული ბანკის პროგნოზები არ შეცვლილა. იქედან გამომდინარე, რომ წინა პერიოდში განაკვეთის შემცირება რეალურ ეკონომიკაზე ჯერ სრულად არ ასახულა, ეროვნული ბანკი ინარჩუნებს შერბილებულ მონეტარულ პოლიტიკას და პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2013 წლის 6 ნოემბერს გაიმართება.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service