ENGLISH
 

25.09.2013   ბეჭდვა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2013 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, 1.9 პროცენტით, ანუ 176.8 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 9.3 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 92.7 მლნ ლარით (3.0 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა  84.0  მლნ ლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2013 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 856.7 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით ანუ 20.6 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 3.9 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.7 პროცენტით ანუ 27.9 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 46.4 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით, აგვისტოში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.1 პროცენტით ანუ 1.2 მლნ ლარით შემცირდა და 2.2 მლრდ ლარი შეადგინა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.3 პროცენტი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი სექტემბრისათვის 920.3 მლნ ლარით განისაზღვრა (0.6 პროცენტით ანუ 5.1 მლნ ლარით ნაკლები პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით); 9.3 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 441.9 მლნ ლარია (1.2 პროცენტით, ანუ 5.2 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 74.9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2013 წლის აგვისტოს განმავლობაში 3.4 პროცენტით ანუ 136.0 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის  4.2  მლრდ ლარს მიაღწია.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service