ENGLISH
 

23.09.2013   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკს გამოცდილების გასაზიარებლად მალავის სარეზერვო ბანკის დელეგაცია ეწვია

 მალავის სარეზერვო ბანკის დელეგაციის ვიზიტი23 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკს მალავის რესპუბლიკის სარეზერვო ბანკის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი ამერიკული კომპანია „მონტრანის“ რეკომენდაციით დაიგეგმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში დანერგილი რეფორმების გაცნობას.

განსაკუთრებული ინტერესის საგანს ანგარიშსწორების მაღალტექნოლოგიური სისტემების ადგილზე გაცნობა წარმოადგენს, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ გადარიცხვები. სტუმრები ქართველი კოლეგებისაგან მიიღებენ ინფორმაციას საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემის დანერგვის შესახებ. გაეცნობიან რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უპირატესობებს. დაგეგმილია შეხვედრების გამართვა საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო, ფინანსური ბაზრებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებში.

„დღეს კოლეგები გვეწვივნენ მალავის სარეზერვო ბანკიდან, რათა ადგილზე გაეცნონ იმ რეფორმებს, რომლებიც ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. მოხარულები ვართ, რომ გავუზიარებთ ჩვენს კოლეგებს გამოცდილებას და საქართველოში მიღებული გამოცდილება სასარგებლო იქნება მათთვის“, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.

ბოლო ორო წლის მანძილზე, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე სტუმრობდნენ ავღანეთის, მოლდოვას, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ბოტსვანას, სურინამისა და ეთიოპიის  ცენტრალური ბანკების დელეგაციები, რომელთა უმრავლესობა საქართველოში მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით იმყოფებოდა.   

მალავი  -  აღმოსავლეთ აფრიკული სახელმწიფოა, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთით მოზამბიკის რესპუბლიკა, დასავლეთით ზამბია, ჩრდილოეთით კი ტანზანია ესაზღვრება. ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი მიმართულება სოფლის მეურნეობაა, რომლის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 35 პროცენტია და ექსპორტის 90 პროცენტს შეადგენს. მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტებია: თამბაქო, ჩაი, ბამბა, ყავა და შაქარი. 2008 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 9.7 პროცენტი იყო. 2012 წლის მაისის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის გასაუმჯობესებლად მთავრობამ მკაცრი მაკროეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები განახორციელა.

 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service