ENGLISH
 

14.08.2013   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 3.75 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2013 წლის 14 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 3.75 პროცენტამდე შემცირების შესახებ.

ივლისში გაგრძელდა ფასების შემცირების ტენდენცია. მთლიანმა სფი ინფლაციამ -0.2% შეადგინა. თვის ინფლაცია კი -1.3%-ის დონეზე დაფიქსირდა. ფასების დინამიკაზე უმთავრესად გავლენა მოახდინა ხილისა და ბოსტნეულის სეზონურმა გაიაფებამ. მნიშვნელოვანი იყო ასევე საბაზო ეფექტი. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია წლის განმავლობაში დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება და მიზნობრივ დონეს 2014 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, მეორე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 1.8 პროცენტი შეადგინა. შემცირებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე, სესხებზე მოთხოვნა კვლავ მოკრძალებული რჩება. არსებული პროგნოზებით, ეკონომიკური აქტივობა შედარებით გაუმჯობესდება წლის მეორე ნახევრიდან მათ შორის მოსალოდნელი ფისკალური აქტივობის გამო, რაც ხელს შეუწყობს დეფლაციური ზეწოლის შემცირებას.

იქიდან გამომდინარე, რომ არსებული პროგნოზებით საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას და ამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, მომავალშიც დააკვირდება არსებულ ტენდენციებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2013 წლის 25 სექტემბერს გაიმართება.

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service