ENGLISH
 

09.08.2013   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკს ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

8-10 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია სტუმრობს, ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აბდუჯაბორ შირინოვის ხელმძღვანელობით. დელეგაცია საქართველოში გერმანიის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციით ჩამოვიდა და მათი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მონახულება და ეროვნული ბანკის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა. საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი, რომელიც 2012 წლის ივნისში გაიხსნა ერთადერთია დსთ–ს სივრცეში, რომელიც უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი აბდუჯაბორ შირინოვი, დელეგაციის წევრებთან ერთად დღეს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს ეწვია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ სტუმარს საკასო ცენტრის სპეციალიზირებული შენობა დაათვალიერებინა და იმ უნიკალურ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომელიც ამ ნაგებობას გააჩნია და რომელიც ერთადერთია რეგიონში.

„ამჯერად ჩვენთან იმყოფება დელეგაცია ტაჯიკეთიდან, იმ რეფორმების გასაცნობად რომელიც ჩვენ  ბოლო წლების განმავლობაში გავატარეთ, განსაკუთრებით ყურადღების საგანს წარმოადგენს საკასო ცენტრი, სადაც  ახლა ვიმყოფებით. ნიშანდობლივია, რომ ტაჯიკურ მხარეს ეხმარება გერმანიის ცენტრალური ბანკი, სწორედ მათი რეკომენდაციით აირჩია საქართველო გამოცდილების გასაზიარებლად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს. ვფიქრობ შევთანხმდებით ჩვენს ტაჯიკელ კოლეგასთან ერთად თანამშრომლობის მიღწევაზე და გამოვძებნით გზას როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ“, -  განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა: “შთამბეჭდავია და მართლაც სამაგალითოა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმები, რამაც  დიდი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკისა და კონკრეტულად ქართული საბანკო სექტორის განვითარების საქმეში. ესაა ერთ-ერთი ფაქტორი, თუ რატომ მოექცა საქართველო ცენტრალური აზიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ყურადღების ცენტრში. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. ამ შენობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ის სამუშაოები, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში ტარდება არის საერთაშორისო დონის. ჩვენ მოხარული ვიქნებით რომ გავიზიაროთ ეს გამოცდილება“, - განაცხადა აბდუჯაბორ შირინოვმა

ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციათან ერთად თბილისში იმყოფებიან გერმანიის ბუნდესბანკის ექსპერტი ანდრეას დიეკმანი და გერმანული კომპანია „გიზეკე და დევრიენტის“ რეგიონალური გაყიდვების დირექტორი დიეტმარ რეიჩელი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის წარმომადგენლებთან. ასევე სტუმრები ეწვევიან ყვარელს და ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმს დაათვალიერებენ.

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service